15-მდე სკოლის ბუფეტის შემოწმების ფარგლებში, ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის საკვები დაწესებულება დაიხურა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სექტემბერში 15-მდე სკოლის ბუფეტი შეამოწმა, რის შედეგადაც ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის საკვები დაწესებულება დროებით დაიხურა.
როგორც „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ქუბულეთის მე-2 საჯარო სკოლას რეკომენდაციები მიეცა.
მათივე თქმით, რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ სკოლაში სამუშაო საქმიანობა კვლავ განახლდება.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სასკოლო დაწესებულებებში კვების ობიექტების შემოწმება განახლდა.
ასევე მიმდინარეობს გადამოწმება, რამდენად ასრულებენ სკოლის სასადილოები მიცემულ რეკომენდაციებს.
გასულ თვეში 15-მდე სკოლის კვების ობიექტი შემოწმდა.
ცნობისათვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯამში 494 სკოლის სასადილო შემოწმდა. შემოწმების პროცესში 3 სკოლის კვების ბლოკში აღინიშნა სხვადასხვა შეუსაბამობები, რის გამოც შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიცემული რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ კი სამივე ბიზნესოპერატორმა საქმიანობა განაახლა.
„სკოლებში კვების ბლოკების ინტენსიური შემოწმება 2013 წლიდან დაიწყო. საჯარო და კერძო სასკოლო დაწესებულებების სასადილოების ინსპექტირების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. სკოლის ბუფეტებში მოწმდება სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის უვნებლობის სისტემების ფუნქციონირება, ტემპერატურული რეჟიმის დაცვა და ა.შ.“ – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.