სოფიო ქაცარავას ინიციატივით, თემაზე – „ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და უსაფრთხოების საკითხები“ ღონისძიება გაიმართა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის  საშემოდგომო სესიის ფარგლებში, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, სოფიო  ქაცარავას ინიციატივით, პარალელური ღონისძიება – „ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და უსაფრთხოების საკითხები“ გაიმართა. სოფიო ქაცარავამ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენელებს ადამიანის უფლებების სფეროში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე ინფორმაცია მიაწოდა. დელეგაციის ხელმძღვანელმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მისამართით განხორციელებულ ქმედებებზე და  ადამიანის უფლებების დარღვევის კონკრეტული ფაქტები გააცნო და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ქმედითი ღონისძიებების გატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ღონისძიებაზე საკითხის ირგვლივ საინტერესო დისკუსია გაიმართა და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისგან მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მოვისმინეთ. ჩვენთვის, როგორც საკანონმდებლო ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია სრულად იქნეს დაცული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები და ქვეყანაში სახელმწიფო პოლიტიკაც სწორედ ამ მიმართულებით ხორციელდება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში განვიხილავთ და ღონისძიებას ვუძღვნით ამ საკითხებს, ვახდენთ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებას ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხების მიმართ, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას მოიცავს. სწორედ მსგავსი ღონისძიებები ემსახურება ჩვენი უმთავრესი მიზნის მიღწევას – ერთად გადავწყვიტოთ ჩვენს წინაშე მდგარი გამოწვევები“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ღონისძიებას ასევე უძღვებოდა დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იგნასიო სანჩესამორი, რომელმაც საქართველოს მიღწევები და დემოკრატიზაციის პროცესი დადებითად შეაფასა და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და იმ მოქალაქეთა უფლებების დაცვის შესახებ ისაუბრა, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხზე ისაუბრა მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელმა ნატალია ჯალიაშვილმა. მომხსენებელმა ძირითადი ყურადღება ეროვნული სტრატეგიის მთავარ აქცენტებზე და სამოქმედო გეგმის პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა და დელეგაციის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ ინიცირებულ ღონიძიებას ამერიკის, ანდორის, ბელგიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის, რუმინეთის, შვედეთის, იტალიის, ესპანეთის და პოლონეთის დელეგაციის ხელმძღვანელები და წევრები დაესწრნენ, რომლებმაც საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა სფეროში გატარებულ რეფორმებს ცალსახად დაუჭირეს მხარი, ხოლო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში არსებულ ვითარებაზე შეშფოთება გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები