იუსტიციის სამინისტრო ჰააგის სასამართლოსთან რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე თანამშრომლობას აგრძელებს

იუსტიციის სამინისტრო ჰააგის სასამართლოსთან რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მისი მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოში ვიტიზით მყოფ ჰააგის სასამართლოს გამწესრიგებელს ჰერმან ვან ჰებელს შეხვდა. დელეგაციას იუსტიციის სამინისტრო მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლები შეხვდებიან 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ, დევნილ მოსახლეობას და ესტუმრებიან მათ ერთ-ერთ დასახლებაში; დიპლომატიურ კორპუსს; საქართველოში გაერო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებს და მედიას. ჰააგის სასამართლოს დელეგაცია სპეციალურ შეხვედრებს გამართავს სტუდენტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
იუსტიციის სამინისტრო აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიების მიზნით მჭიდროდ თანამშრომლობს ჰააგის სასამართლოსთან. მიმდინარე წლის 27 ივლისს თეა წულუკიანმა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამწესრიგებელმა ჰერმან ვან ჰებელმა საქართველოს მთავრობასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და სასამართლოს მიერ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში საკუთარი მანდატის ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობის მექანიზმებს. შეთანხმების გაფორმებით საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს 2008 წლის ომის ფარგლებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესში ჰააგის სასამართლოს სრულ მხარდაჭერას, რათა ქართველების ეთნიკურ წმენდას, აგრეთვე ქართველ სამხედრო ტყვეების წამებასა და მკვლელობაში დამნაშავეთა მიმართ აღსრულდეს საერთაშორისო მართლმსაჯულება.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებით მოქალაქეების ინფორმირებისათვის უწყებამ მიმდინარე წლის გაზაფხულზე საინფორმაციო კამპანიაც ჩაატარა. იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ და საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ძამაშვილმა შეხვედრები გამართეს იძულებით გადაადგილებულ პირებთან კოდაში, წეროვანში, ქარელსა და გორში. საინფორმაციო კამპანიამ სტუდენტური წრეებიც მოიცვა. სამინისტროს წარმომადგენლებს გორის უნივერსიტეტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, გრიგოლ რობაქიძისა და გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტებმა, ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა უმასპინძლეს. გოჩა ლორთქიფანიძე და ბექა ძამაშვილი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დანაშაულებს იძიებს. ნებართვა ჰააგის პროკურორისადმი საქმეზე გამოძიების დასაწყებად ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 27 იანვარს გასცა. გადაწყვეტილება და მისი ფორმულირებები სრულად შესაბამება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს:
სასამართლოს შეფასებით, 2008 წელს სახეზე იყო საერთაშორისო კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის;
გადაწყვეტილებაში არაერთგზისაა ნათქვამი, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია;
გამოძიებაზე ნებართვა გაიცა რამდენიმეთვიან პერიოდზე, 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე მომხდარ ფაქტებზე, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს, გამოძიებას დაუქვემდებაროს აგვისტოს ომის წინაპირობები;
ჰააგის პროკურორს გამოძიების ნებართვა მიღებული აქვს ყველა ტიპის დანაშაულზე, რომის სტატუტიდან გამომდინარე, რაც შესაძლებელს ხდის ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობების საქმის გამოძიებას;
გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქართველთა ეთნიკურ წმენდას; ნათქვამია, რომ ის მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის ცვლილებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები