სომხეთში ქობაირის მონასტრის სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოებში ქართველი ექსპერტები ჩაერთვებიან

სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე მე-12 საუკუნის ძეგლის, ქობაირის მონასტრის სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს ქართველი ექსპერტები გაეცნობიან. ექსპერტები სომხეთში ისტორიული ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის მიემგზავრებიან.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის თქმით, სომხეთის რესპუბლიკასთან რამდენიმე წელი მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და ბოლოს, სულ ახლახან, საქართველოს კულტურის მინისტრის ვიზიტის დროს სომხეთში, შედგა შეთანხმება. ქართველი სპეციალისტები, სააგენტოს რესტავრატორები და ხელოვნებათმცოდნეები ადგილზე გაეცნობიან ქობაირში მიმდინარე პროცესებს.
ხელშეკრულებას  2016 წელს მოეწერა ხელი, კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმა, რაც გულისხმობს ერთობლივი ჯგუფის შექმნას, რომ საერთო ინტერესის სფეროში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობაზე ეს ჯგუფი იზრუნებს. ანუ მოხდება პროექტების გაცნობა და რეკომენდაციები გაიცვლება.
„ისინი ჩვენთან მიმდინარე პროცესებს გაეცნობიან, რაც თბილისში სომხურ ძეგლებს ეხება და ძალიან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა იქნება“, – აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.
შეკითხვაზე, რა ბედი ეწევა ქობაირის ეკლესიის შესასვლელში თამარ მეფის ამირსპასალარის, ზაქარია მხარგრძელის საფლავს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის თქმით, „პირველი, რაც სომხეთის მხარემ და ჩემმა კოლეგამ გაგვანდო არის ის, რომ სრულ რეაბილიტაციას საკმაოდ დიდი სახსრები სჭირდება. ჯერჯერობით, რეაბილიტაციას უტარებენ სატრაპეზოს და სამრეკლო უკვე დასრულებულია. ჩვენი სპეციალისტების იქ ჩასვლის ერთ-ერთი მიზანი სამომავლო გეგმების სომეხ კოლეგებთან ერთად განსაზღვრაა, თუ რა უნდა განხორციელდეს მომავალში. ჯერ ამ საფლავის რეაბილიტაციაზე საუბარი არ არის, მაგრამ აუცილებლად იქნება. კომპლექსი დიდია: მთავარი ტაძარი, მცირე ტაძარი, სამრეკლო, ძალიან ბევრი ქართული წარწერაა, საფლავებია. ის სრულად სარეაბილიტაციოა და სომეხ კოლეგებთან ერთად პროცესს ეტაპობრივად მივყვებით“.
ქობაირის ტაძარი სომხეთის ტერიტორიაზე ისტორიულ ლორე-ტაშირში, ქალაქ თუმანიანის მახლობლად, დებედას ხეობაში, მთის წვერზე მდებარეობს. ქართული მართლმადიდებლური მონასტერი 1171 წელსაა აგებული, ტაშირ-ძორაგეტის მეფის, კვირიკე II-ის ასულის, მარიამის მიერ. მონასტერი ორი საუკუნის შემდეგ, ძლიერი მიწისძვრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა. ის ცნობილია უნიკალური ფრესკებით, რომლებიც ქართული და ბიზანტიური ტრადიციით შეიქმნა.

წყარო: „მაესტრო“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები