მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში

27 სექტემბერს, კულტურის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის შესახებ, რომელიც 7-15 ოქტომბერს თელავში ჩატარდება.
პრესკონფერენციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ფესტივალის პროგრამების მენეჯერი – მაია კოკოჩაშვილი უძღვებოდნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა თბილისის კონსერვატორიის პროფესორი, პიანისტი რევაზ თავაძე.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში, საზეიმოდ, 7 ოქტომბერს გაიხსნება და 15 ოქტომბრამდე გასტანს. ფესტივალის განრიგში 6 კონცერტია, რომელთაგან 5 – თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება, ხოლო ერთ კონცერტს წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი უმასპინძლებს.
წელს, ცნობილი ქართველი მუსიკოსის, ფესტივალის დამფუძნებლისა და სამხატვრო ხელმძღვანელის, ელისო ვირსალაძის საკონცერტო მოღვაწეობის 55 წლისთავია. ამ თარიღის აღსანიშნავად, თელავის ფესტივალი წარმოგიდგენთ სხვადასხვა თაობის ბრწყინვალე პიანისტებს: ლუკაშვონ დრაჩეკი – ბრიუსელის დედოფალი ელისაბედის 2016 წლის კონკურსის გრან-პრის მფლობელი; დანიელ ჩობანუ – 2017 წლის არტურ რუბინშტეინის პიანისტთა კონკურსის II პრემიის ლაურეატი და მაყურებლის სიმპათიის პრიზის მფლობელი; მამიკონ ნახაპეტოვი – მარია იუდინას /2003/ სახელობის, ედვარდ გრიგის /2012/ და სხვა არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი; ბორის ბერეზოვსკი – ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი, მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსი. ფესტივალზე მსმენელის წინაშე ასევე წარდგებიან გამოჩენილი შემსრულებლები: გიორგი ქობულაშვილი /ჰობოი/, დმიტრი პროკოფიევი /ჩელო/ და ჯაიუნ ლი /ვიოლინო/, დავიდ ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტი, საქართველოს სინფონიეტა და საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრი, არიელ ცუკერმანის დირიჟორობით.
ფესტივალის ფარგლებში აღინიშნება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის 100 წლის იუბილე. 12 ოქტომბერს, თელაველებს და ქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ მრავალფეროვან პროგრამას, რომელიც კონსერვატორიამ სპეციალურად თელავისთვის შეადგინა.
მსმენელის წინაშე წარდგებიან: ირმა გიგანი, გოგონათა სიმებიანი კვარტეტი, იოსებ ჯუღაშვილი, სიმებიანი კვარტეტი, მარიამ ლოლუა, ლიზი ვერხვიაშვილი და თბილისის გოგონათა გუნდი (ხელმძღვანელი ომარ ბურდული).
კონცერტების პარალელურად, თეატრის ფოიეში მოეწყობა ელისო ვირსალაძის საკონცერტო მოღვაწეობის ამსახველი საკონცერტო აფიშების გამოფენა, რომელთა შორის წარმოდგენილია ანასტასია ვირსალაძის კლასის კონცერტის აფიშები, დათარიღებული 1940-1950 წლებით.
წელს ფესტივალი საკმაოდ დატვირთულია მასტერკლასებითაც. ღია გაკვეთილებს ჩაატარებენ: ელისო ვირსალაძე, ხათუნა კოკოჩაშვილი, გიორგი ქობულაშვილი და დანიილ ავსტრიხი. მასტერკლასები გაიმართება თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში და მათზე დასწრება თავისუფალია.
ქართველი პიანისტის – ელისო ვირსალაძის მიერ, 80-იან წლებში დაარსებული ფესტივალი, 2010 წელს განახლდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
ტრადიციულად, ფესტივალი თელავში სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსს მასპინძლობს.
ფესტივალის ორგანიზატორი: სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი;
მხარდამჭერები: წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ქალაქ თელავის მერია, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატურლი თეატრი, თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, სასტუმროები „შატო მერე“ და “ალაზნის ველი”.
საინფორმაციო მხარდაჭერა: რადიო „ფორტუნა“, ჟურნალი “კულტურა +”, ტელე „იმედი“, რადიო „ერთი“, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რადიო “იმედი”, საინფორმაციო სააგენტო GHN, სარეკლამო კომპანია “alma – ალმა”, გაზეთი Georgia Today და ტელეკომპანია ARTAREA.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სალაროში და ონლაინგვერდზე: www.biletebi.ge; 2 ოქტომბრიდან ბილეთები ასევე გაიყიდება თელავის თეატრის სალაროში. აღსანიშნავია, რომ კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, საორგანიზაციო ჯგუფმა განსაზღვრა ბილეთების ღირებულება 15-დან 35 ლარამდე.

ფესტივალის პროგრამა:

7 ოქტომბერი, 19.00
ფესტივალის გახსნა
საფესტივალო ორკესტრი
დირიჟორი – არიელ ცუკერმანი
სოლისტი – ლუკაშ ვონდრაჩეკი / ფორტეპიანო/ ბრიუსელის დედოფალ ელისაბედის საერთაშორისო კონკურსის 2016 წლის გამარჯვებული
• ანტონინ დვორჟაკი – სიმფონია №8 სოლ მაჟორი თხზ. 88
• სერგეი რახმანინოვი – კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის №3 რე მინორი თხზ.30

8 ოქტომბერი, 19.00
კამერული მუსიკის კონცერტი
/ეძღვნება ედუარდ ბრუნერის ხსოვნას/
ელისო ვირსალაძე /ფორტეპიანო/
დავით ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტი
ანდრეი ბარანოვი /ვიოლინო /
როდიონ პეტროვი /ვიოლინო/
ფედორ ბელუგინი /ალტი/
ალექსეი ჟილინი / ჩელო/

• ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის №1 მი მინორი K.304
• ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – სონატა ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის № 4 დო მაჟორი თხზ.102
• რობერტ შუმანი – ადაჟიო და ალეგრო თხზ. 70
• რობერტ შუმანი – სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის № 1 ლა მინორი თხზ 105
• ანტონინ დვორჟაკი – საფორტეპიანო კვინტეტი ლა მაჟორი თხზ.81

10 ოქტომბერი, 17.00
წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი
ბორის ბერეზოვსკი

12 ოქტომბერი, 19.00
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი
კონცერტს უძღვება პროფესორი რევაზ თავაძე
კონცერტში მონაწილეობენ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები

14 ოქტომბერი, 19.00
საფესტივალო ორკესტრი დირიჟორი არიელ ცუკერმანი
საქართველოს სინფონიეტა
სოლისტები
გიორგი ქობულაშვილი /ჰობოი/
ჯაიუნ ლი /ვიოლინო/
დანიელ პეტრიკა ჩობანუ /ფორტეპიანო/
• კახა ცაბაძე – „ეპიტაფია“ ჰობოისა და კამერული ორკესტრისათვის (ეძღვნება ედუარდ ბრუნერის ხსოვნას)
• მაქს ბრუხი – კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის №1 სოლ მინორი თხზ. 26
• სერგეი პროკოფიევი – კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის №3 დო მაჟორი თხზ.26

15 ოქტომბერი, 19.00
ფესტივალის დასკვნითი კონცერტი
საფესტივალო ორკესტრი
დირიჟორი – არიელ ცუკერმანი
სოლისტები
ელისო ვირსალაძე /ფორტეპიანო/
მამიკონ ნახაპეტოვი /ფორტეპიანო/
დიმიტრი პროკოფიევი /ჩელო/
• ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – კონცერტი ორი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის მი ბემოლ მაჟორი №10 KV 365
• რობერტ შუმანი – კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის ლა მინორი თხზ. 129
• ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის №3 დო მინორი თხზ.37

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები