პოლიფონია და კინო ქართული ღვინის თანხლებით 

ქართული პოლიფონიის უნიკალური არქივი უკვე საუკუნეზე მეტია ინახება ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში. ბრიტანული კომპანია „გრამოფონი“ 1901–1914 წლებში პერიოდულად აწყობდა ექსპედიციებს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში და აქ მცხოვრები ხალხების მუსიკალური მონაპოვრები ხმოვან ფირზე გადაჰქონდა. ასე შეუნახა და გადაურჩინა ამ კომპანიამ შთამომავლობას უამრავი უნიკალური ნიმუში, მათ შორის არის ქართული პოლიფონიის შედევრები, რომლებიც 2001 წელს იუნესკომ კაცობრიობის უპირველეს არამატერიალურ საგანძურად შერაცხა.
ბრიტანეთში, ამ დღეებში საინტერესო ღონისძიებები იგეგმება, რაზეც „კვირას“, ჟურნალისტი გიორგი ლალიაშვილი ესაუბრა ლონდონიდან.

– 30 სექტემბერს, ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში გაიმართება ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი, რომელსაც საზოგადოებას წარუდგენენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი და გამოჩენილი მომღერალი ქეთი მელუა.
„გრამოფინის“ ისტორიულ კოლექციაზე ისაუბრებენ: თბილისის კონსერვატორიის რექტორი, პროფესორი რეზო კიკნაძე და ცნობილი მომღერალი და მუსიკისმცოდნე, პროფესორი ანზორ ერქომაიშვილი, რომელმაც თითქმის ნახევარი საუკუნის წინათ თავის თანამოაზრებთან ერთად შექმნა ანსამბლი „რუსთავი“. მათ საუბარს გააგრძელებს ბრიტანეთის ბიბლიოთეკის კურატორი ვილ პრენტისი, რომელიც აუდიტორიას გააცნობს „გრამოფინის“ კომპანიის საუკუნის წინანდელ საოცარ მოგზაურობას კავკასიასა და შუა აზიაში და მათ ბიბლიოთეკის ფონდებში დაცულ უნიკალურ მასალას, რომელსაც დღეს განუზომელი მნიშვნელობა ენიჭება.
ეს ღონისძიება იმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ფონდ „ქართული გალობის“, ბრიტანულ–ქართული საზოგადოების, ლონდონის ქართული ღვინის კლუბისა და ღვინის კომპანია „შილდის“ ფინანსური მხარდაჭერით. ამავე საღამოს ფარგლებში შედგება კომპანია „შილდის“ ღვინოების დეგუსტაცია და ფონდ „ქართული გალობის“ პრეზენტაცია, რომელსაც ბევრი სასარგებლო პროექტი აქვს წამოწყებული და მათ გაცნობას ლონდონში შესაძლოა, ახალი პერსპექტივა და იდეებიც მოჰყვეს.
5 ოქტომბერს კი EBRD-ის (ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი) დარბაზში ცნობილი ქართველი კინორეჟისორის ნანა ჯორჯაძის ახალი ნამუშევრის „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ პრემიერა შედგება. ფილმი, რომელმაც წლეულს თებერვალში ჰოლივუდის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა და საქართველოში ჯერ არ უნახავთ. მისი სცენარის ავტორი გახლავთ თამარ ბართაია, ოპერატორი მიხეილ კვირიკაძე, პროდიუსერი შალვა ხეცურიანი.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება მოკლე დისკუსია, სადაც საზოგადეობას შეხვდებიან და მათ კითხვებს უპასუხებენ ფილმის რეჟისორი, პროდიუსერი და ღვინის ექსპერტი სტივენ სპარიერი. ბოლოს კი გაიმართება მიღება, სადაც ფილმის ჩვებაზე მოწვეულ სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდებიან.
აღნიშნული ღონისძიება საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავს ეძღვნება და ერთობლივად არის ორგანიზებული საქართველოს საელჩოს, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის, ეროვნული ღვინის სააგენტოსა და „ხეცურიანის ღვინის მარნის“ მიერ.
ასე რომ, წლევანდელი ლონდონური შემოდგომის კულტურულ მრავალფეროვნებას ქართული აქცენტებიც მკაფიოდ ატყვია, რომელთა მეშვეობით მრავალი ადამიანი ირწმუნებს საქართველოს მდიდარ ისტორიასა და სულიერ მონაპოვარს, რაც მისადმი დაინტერესებას კიდევ უფრო გაამძაფრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები