თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში შიდა აუდიტის ტრენინგი დასრულდა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) შიდა აუდიტის ტრენინგი დასრულდა. ტრენინგის მონაწილეებს სიტყვით თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა მიმართა და კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა. ტრენინგის მონაწილეებს წარმატებები ბრიტანელმა ექსპერტმა და ტრენინგის ხელმძღვანელმა, ჯონ ჩეშაირმა, პროფესიული განვითარების პროგრამისა და ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრის წარმომადგენლებმაც უსურვეს. შიდა აუტიდის ტრენინგი მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემით დაიხურა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შიდა აუდიტის ტრენინგი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და ფინანსთა სამინისტროსთან კოორდინაციით წელს მესამედ გაიმართა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის რჩევით მოწვეულმა ექსპერტმა, ჯონ ჩეშაირმა ტრენინგის მონაწილეებს ოთხი დღის განმავლობაში ეფექტიან ტესტირებაზე, ადამიანური რესურსების, ინფორმაციის მართვასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ესაუბრა. კურსში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა საჯარო უწყებების შიდა აუდიტორებმა მიიღეს.
უწყების ცნობით, ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული რეფორმის – სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის – მნიშვნელოვან ნაწილს საჯარო სექტორში ფუნქციურად ძლიერი შიდა აუდიტის სამსახურების ჩამოყალიბება და მისი საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები