მიხეილ ბიბილურიძის დედის ჩვენებით, დათა ახალაია გირგვლიანის საქმეზე დაკავებულის ოჯახს ათობით ათას დოლარს უგზავნიდა

„ჩემი შვილი ციხიდან ყოველთვიურად 10 ათასს დოლარს მიგზავნიდა, საბოლოოდ თანხამ 100 000 დოლარი შეადგინა“ – ამის შესახებ კუდ-ის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას საქმეზე მიმდინარე პროცესზე, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფაქტზე გასამართლებული მიხეილ ბიბილურიძის დედამ, ციური თევდორაშვილმა განაცხადა.
მოწმე ციური თევდორაშვილმა ეს ჩვენება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მისცა.
„რომ დაიჭირეს, ვნახე, პაკეტი იდო – 10 000 დოლარი, შევინახე ეს პაკეტი. მერე, როდესაც ციხეში გადაიყვანეს, იქ ვკითხე ჩემ შვილს ფულზე და მითხრა, რომ დათა ახალაიამ მისცა ეს პაკეტი, რის საფასურად არ ვიცი. შემდეგში გადაიყვანეს ციხეში და რომ შევდიოდი ხოლმე რამდენიმე თვეში ერთხელ, გვაძლევდა 10 000-ობით დოლარს და საბოლოოდ თანხამ 100 000 დოლარი შეადგინა. ვხარჯავდით ჩვეულებრივ ფულს, გვჭირდებოდა. მანქანაც გვემსახურებოდა, ბაზარში იქ, აქ – ჩვეულებრივად, მისი დაჭერის მერე.
ერთხელ მოვიდა ჩემი შვილი სახლში, მაგრამ მე არ ვიყავი და მერე გამოვიდა ომიანობის დროს, მაგრამ სულ ფორმაში ჩაცმულები დადიოდნენ. ორი კვირა კი იყო სახლში, მერე ნერვიულობდა, თუ გამოგვიშვეს, შეწყალების ფურცელი რატომ არ გვაქვსო. მერე წაიყვანეს ისევ. საბოლოოდ, 2009 წლის დეკემბერში გამოვიდა“ – განაცხადა ციური თევდორაშვილმა.
ცნობისათვის, პროკურატურა დათა ახალაიას ორ ეპიზოდს – გირგვლიანის წამებასა და ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას ედავება.
დათა ახალაიას სახელმწიფო ბრალდება 332-ე, 333-ე და 143-ე მუხლს ედავება, რაც სამსახურებრივი უფლება-მოვალეობის გადამეტებას ძალადობითა და სხვისი პირადი ღირსების შეურაცხყოფით და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ახალაიას ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები