თედო ჯაფარიძე – ანგელა მერკელმა გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანულ-ქართული ურთიერთობები ღრმავდება

ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანულ-ქართული ურთიერთობები ღრმავდება, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, თედო ჯაფარიძემ პირველ არხს განუცხადა.

როგორც თედო ჯაფარიძემ კვირიკაშვილისა და მერკელის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ანგელა მერკელი და მთელი მისი გუნდი, ვინც შეხვედრას ესწრებოდა, იყო უაღრესად კარგად მომზადებული. მათ იცოდნენ დეტალურად საქართველოში და საქართველოს ირგვლივ არსებული პროცესების შესახებ.

„შეხვედრის დაწყებისას ჩვენ მივულოცეთ ქალბატონ მერკელს არჩევნებში გამარჯვება. დავიწყეთ საუბარი ორმხრივი  ურთიერთობებით. ორივე  მხარემ დადებითად შეაფასა ურთიერთობათა დინამიკა. ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ გერმანულ – ქართული ურთიერთობები ღრმავდება. იყო საუბარი ევროპისკენ საქართველოს სვლაზე, ევროკავშირთან ურთიერთობებზე, რუსეთსა და იმ პრობლემებზე, რომლებიც საქართველოს რუსეთთან აქვს. დაწვრილებით მოვუყევით თუ რა ხდება ყოველდღიურად ოკუპაციის კუთხით – მავთულხლართები, გაყოფილი სოფლები”,-აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.

როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, ქართულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, რომ იმ დადებით მომენტებთან ერთად, რასაც საქართველო ახორციელებს და, რასაც ქვეყნის მოდერნიზება ჰქვია, აუცილებელია, ოკუპაციის პრობლემების გადაჭრაზეც ერთად ვიფიქროთ.

“ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ ქალბატონი მერკელი და მთელი მისი გუნდი, ვინც შეხვედრას ესწრებოდა, იყო უაღრესად კარგად მომზადებული. მათ იცოდნენ დეტალურად საქართველოში და საქართველოს ირგვლივ არსებული პროცესები. განვიხილეთ ეკონომიკური პროექტები, აბრეშუმის გზის პროექტი”,- განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრა ბერლინში დღეს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები