კლოდ ლანცმანის ფილმი „შოა“ და ერთკვირიანი კინოსემინარი

1-5 ოქტომბერს, დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში, ყოველ დღე, 11 საათიდან – 17 საათამდე, კინოსემინარი გაიმართება. სემინარი კლოდ ლანცმანის ფილმ „შოას“ ეძღვნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ერთკვირიან კინოსემინარზე სრულად იქნება ნაჩვენები ფილმ „შოას“ ოთხივე ნაწილი (540 წუთი); აგრეთვე – ნაწყვეტი ალან რენეს ფილმიდან „ღამე და ნისლი“ (საფრანგეთი, 1955) და ფილმი „კლოდ ლანცმანი – „შოას ხმა“ (ადამ ბენზინე, დიდი ბრიტანეთი, 2015).
კინოსემინარს გაუძღვება იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის დოქტორი, რეფერენტი ტობიას ებრეხტი. კონცეფციის ავტორი და ორგანიზატორია – სოსო დუმბაძე (კელნი).
სიტყვა „შოა“ (ებრ. שׁוֹאָה) ებრაულ ენაზე განადგურებას, უკუნეთს, დიდ კატასტროფას ნიშნავს, რომელსაც ვერ აღწერ და ვერ წარმოიდგენ.
ებრაული წარმოშობის ფრანგი კინორეჟისორი, მწერალი და ჟურნალისტი კლოდ ლანცმანი, ფილმზე „შოა“ (1985) თორმეტი წლის განმავლობაში მუშაობდა და ცხრასაათიანი კინომონუმენტი შექმნა ევროპელი ებრაელი უდანაშაულო ხალხის განადგურების ხსოვნის კულტურაზე.
ლანცმანის ამ ფილმის მთავარი თეზაა ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის მიერ ექვს მილიონ ებრაელთა – ქალებისა და კაცების, ბავშვებისა და მოხუცების – ინდუსტრიული მეთოდებით სისტემური განადგურება (ჰოლოკოსტი) აჩვენოს დანაშაულის სურათების გარეშე. ლანცმანისათვის მთავარია, ფილმის პროტაგონისტებს – მსხვერპლი, დამკვირვებლები, შემსრულებლები – კი არ გაეხსენებინებინათ, არამედ ხელახლა განეცადათ ეს კატასტროფა. ეს არის ამ სიმართლის საფასური, ამბობს ავტორი.
ამ პროექტით საზოგადოებრივი გამომცემლობა „სა.გა.“ ეხმაურება ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ გლორიფიცირებულ, გაუბრალეოებულ და დაკნინებულ აზრს შოას დანაშაულზე. ამის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია 2008 წელს, ე. წ. აგვისტოს ომამდე ერთი თვით ადრე, ერთ-ერთი ცენტრალური ქართული ტელევიზიით ქვეყნის მასშტაბით გადაცემული ადოლფ ჰიტლერის 1932 წლით დათარიღებული ციტატა ქართველი რეზერვისტების კადრების ფონზე, რომელიც მოუწოდებს დაკარგული ტერიტორიების „მხოლოდ იარაღის ძალით“ დაბრუნებას. ის, რომ აკადემიურ სივრცეში, სტუდენტებისა და ახალგაზრდებისათვის ცნება „ოსვენციმი“ (გერმ. „აუშვიცი“) არ არის ნაცნობი, ამ კატასტროფის გაგრძელებად უნდა მივიჩნიოთ.
ამ დროისათვის მომზადდება ქართული თარგმანი წიგნი დიალოგისა „შოა“ (300 გვ.), რომელსაც 2018 წლისათვის გამოსცემს საზოგადოებრივი გამომცემლობა „სა.გა.“
ასევე, გამომცემლობა „სა.გა.“- ს მიერ არის ორგანიზებული ეს სემინარი, რომელიც ფრანგული ინსტიტუტისა და გოეთეს ინსტიტუტის საქართველოში პარტნიორობით, დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის ხელშეწყობით გაიმართება.
სემინარი ჩატარდება ქართული თანამიმდევრული თარგმანით და ფილმებს ქართული სუბტიტრებით უჩვენებენ.
სტუდენტებისთვის, სემინარზე სრული მონაწილეობის შემთხვევაში, გოეთეს ინსტიტუტი  რეფერენტის მიერ დამოწმებულ სერტიფიკატს გასცემს.
სემინარზე და კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები