პატრიარქი თბილისის აეროპორტში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის ჩამობრძანებას დაესწრება

0

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წმინდა დიდმოწამის, დედოფალ ქეთევანის წმინდა ნაწილის საქართველოში ჩამობრძანებას დაესწრება.
როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის აეროპორტში სასულიერო პირები და სხვადასხვა ეკლესიის მრევლი მივა. „23 სექტემბერს, 19:00 საათზე, საქართველოში ინდოეთიდან დროებით ჩამობრძანდება ჩვენი დიდმოწამის, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი.
ასეთი ტანჯული, ღვთისა და ქვეყნისათვის ასეთი თავდადებული დედოფალი მსოფლიო ისტორიაშიც კი იშვიათია. ფრიად სამწუხაროა, რომ მისი ნეშტი ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ კვირას, 24 სექტემბერს, წმინდა დედოფლის წმინდა ნაწილი, წირვაზე, 11:00 საათზე, მუზეუმიდან გადაბრძანებული იქნება სამების საკათედრო ტაძარში და თქვენ გეძლევათ უნიკალური საშუალება, თქვენი სიყვარული და პატივისცემა გამოხატოთ მისდამი.
ლუსკუმა წმინდანის ნაწილით 25 სექტემბერს, ორშაბათს, 13:00 საათზე, წაბრძანდება კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში, რათა ქეთევანობის დღესასწაულზე წმინდა ქეთევანს მლოცველებმა იქ სცენ მას თაყვანი. შემდეგ სიწმინდე სხვა ეპარქიებსაც მოივლის. ყველა ქეთევანს, სრულიად საქართველოს ვულოცავთ დიდმოწამის წმინდა ნაწილის შემობრძანებას სამშობლოში“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი