საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან დანიილ ხოშაბოსთან, ამავე დეპარტამენტის მრჩეველთან მარსელ კაპსთან და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილესთან ანა ზეცსთან.
ევროპის საბჭოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-16 კონსოლიდირებული ანგარიშის – „კონფლიქტი საქართველოში” მომზადება.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ევროპის საბჭოს დელეგაციას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ბოლო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების შესახებ. ყურადღება გამახვილდა რუსეთის ე.წ. მესაზღვრეების მიერ საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრების, ასევე აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე. აღინიშნა, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას, ადგილობრივთა წვდომას კერძო საკუთრებაზე და იზოლაციაში აქცევს საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ მოსახლეობას. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ქართველების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერებაზე. კერძოდ, ხაზი გაუსვა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებს, რომლებიც გალში მცხოვრებ ქართველობას აიძულებს უცხოელებად დარეგისტრირებას და საკუთარი იდენტობის შეცვლას. საუბარი შეეხო ასევე გალის რაიონის კვალდაკვალ, ახალგორის ქართულ სკოლებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვას მიმდინარე სასწავლო წლიდან. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული ვითარება საჭიროებს უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებს ადგილზე.
მხარეებმა ისაუბრეს ასევე სამშვიდობო პროცესზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში. მინისტრის მოადგილემ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს გააცნო ბოლო რაუნდების განმავლობაში მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესი.
შეხვედრის ბოლოს ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს ნდობის აღდგენის მექანიზმების მნიშვნელობაზე. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს საოკუპაციო ხაზებით გაყოფილს საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში ევროპის საბჭოს აქტიური ჩართულობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები