ფიტარეთის მონასტერთან მისასვლელ გზის მონაკვეთს „არემჯი“ რეაბილიტაციას ჩაუტარებს

ბოლნისში ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ტანძიიდად ფიტარეთის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე კომპანია „არემჯი“, საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის და ამ მემორანდუმის ფარგლებში განახორციელებს აღნიშნული გზის მონაკვეთზე წყალამრიდი ნაგებობის მოწყობას.
ჯონი შუბითიძე „არემჯის“ გენერალური დირექტორი:
„ეს არის ჩვენი თანამშრომლობის პირველი ნაბიჯი, რომელიც ითვალისწინებს ფიტარეთის მონასტრისაკენ მიმავალი გზის მონაკვეთის კეთილმოწყობას. აღნიშნული გზა ხშირად ზიანდებოდა და იტბორებოდა, რის გამოც მრევლს უჭირდა მონასტრამდე მისვლა. გზის მონაკვეთზე წყალამრიდი ნაგებობის მოწყობის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.“
სამუშაოები 2017 წლის 19-30 სექტემბრის პერიოდში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მონიტორინგის ქვეშ ჩატარდება.
პაატა დოლიძე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე:
„ დღეს აღნიშნულ მემორანდუმს ხელი მოაწერა ყველა დაინტერესებულმა მხარემ, რაც ძალიან მისასალმებელია. პროექტი ეხება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლის ფიტარეთის მონასტრისაკენ მიმავალი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საკუთარი კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში ჩართული იქნება პროცესში. ჩვენი სპეციალისტები ადგილზე მონიტორინგს გაუწევენ სამუშაოების მიმდინარეობას.“
მემორანდუმს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, თეთრიწყაროს და ბოლნისის მუნიციპალიტეტების, ბოლნისის, მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიების და კომპანია „არემჯი“-ს (შპს „კავკასიის სამთო ჯგუფის“) წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი.
აღნიშნულ დოკუმენტზე ხელის მოწერით, მხარეები თანხმდებიან ითანამშრომლონ გზის რეაბილიტაციის პროცესში და საკუთარი უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში ყოველმხრივ ხელი შეუწყონ სამუშაოების ეფექტურად და ხარისხიანად განხორციელებას.
ბოლნელი ეპისკოპოსი, მეუფე ეფრემი:
„დაიგეგმა ძალზედ სასიკეთო და სამომავლო საქმე, კერძოდ დასაწყისში კომპანიის კეთილი ნებით გზის სამუშაოები ჩატარდება, რათა ყველა მომლოცველს და სტუმარს თავისუფლად შეეძლოს მონასტრის მონახულება. ეს არის ჩვენი თანამშრომლობის დასაწყისი, იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები