“ახალგაზრდა ადვოკატები” – უზენაესმა სასამართლომ „პაპუაშვილის საქმეზე“ საქმის არსებითი განხილვის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფოსთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი, არსებითი განხილვისთვის დასაშვებად სცნო. სასამართლომ პრეცედენტულ დავაზე გადაწყვეტილება საქმის სამგზის განხილვის შემდგომ, 2017 წლის 15 სექტემბერს მიიღო.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, როლანდ ბლადაძის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს უზენაესს სასამართლოს ხანგრძლივი მსჯელობა დასჭირდა, ვინაიდან საქმის არსებითი განხილვის გადაწყვეტილება მიღებულიყო. როგორც სასამართლოდან მიღებული ინფორმაციით, ოფიციალურად დასტურდება, პალატამ საქმის დასაშვებად შემოწმებისთვის სხდომები 7, 11 და 15 სექტემბერს გამართა. საქმის არსებითად დასაშვებად მსჯელობის დროს, მიღებულ იქნა კიდევ ერთი არაორდინალური გადაწყვეტილება – 2017 წლის 8 სექტემბრის განჩინებით, მოსამართლე პაატა სილაგაძემ საქმიდან თვითაცილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლის განჩინებაში აღნიშნულია, რომ „მითითებულ საქმესთან დაკავშირებით გამოიკვეთა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რიგი გარემოებები“, რის გამოც, მოსამართლე ვალდებული აღმოჩნდა განეცხადებინა საქმიდან თვითაცილება.
როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივრის განხვილაზე ახალი მოსამართლე უკვე ცნობილია. პაატა სილაგაძის ნაცვლად, საქმეს ზურაბ ძლიერიშვილი განხიილავს. ამჟამად, განმხილველი პალატა ჩამოყალიბებულია შემდეგი შემადგენლობით: ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძე და ზურაბ ძლიერიშვილი.
არჩილ კაიკაციშვილის განმარტებით, როლანდ ბლადაძეს საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე მოსამართლე პაატა სილაგაძის აცილების ან თვითაცილების საკითხი არ დაუსვამს. მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, მითითებული არ არის თვითაცილების კონკრეტული გარემოებები. შესაბამისად, მხარისთვის არ არსებობს არავითარი ინფორმაცია პაატა სილაგაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებზე. როლანდ ბლადაძე, მოცემულ შემთხვევაში, სრულ ნდობას უცხადებს საქმის განმხილველ სასამართლო ინსტანციას და პალატის შემადგენლობას.
„ჩანს, სასამართლო მაღალი სტანდარტის გადაწყვეტილებისთვის ემზადება, რომელიც უნდა პასუხობდეს ევროკონვენციით დაცული ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს“ – განაცხადა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე არჩილ კაიკაციშვილმა და აღნიშნა, რომ დღეს საქმე მიუკერძოებელი მოსამართლეების ხელშია.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო საკასაციო საჩივარს დასაშვებად სცნობს, თუკი ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია, გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. მოცემულ შემთხვევაში, როლანდ ბლადაძემ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების მიუკერძოებლად შეფასების შედეგად, დაასაბუთა, რომ საქმე კანონით გათვალისწინებულ ყველა ზემოაღნიშნულ პრინციპს პასუხობდა და დავა განეკუთვნება რთული კატეგორიის საქმეებს.
არჩილ კაიკაციშვილის განმარტებით, საქმეში არსებობს ბევრი კომპლექსური საკითხი, რომელიც მოიცავს არაერთ სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას (განსჯადობის საკითხები, ხანდაზმულობის ვადები პრივატიზაციის პროცესის შედეგეგად სხვადასხვა დროს სადაოდ მიჩნეული დოკუმენტების მიმართ, სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა 2004 წლის სასამართლო გადაწყვეტილების გაუუქმებლობის პირობებში, იურიდიული ინტერესის საკითხი კანონიერ ძალაში მყოფილი ადმინისტარციული აქტების პირობებში, სხვა).
ცნობისთვის: 2017 წლის 1 ივნისს, სასამართლომ როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო. 2017 წლის 1 ივნისს მიღებული კიდევ ერთი განჩინებით – არ დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა საქმიდან საქმის განხმილველი მოსამართლეების, მაია ვაჩაძისა და ნუგზარ სხირტლაძის აცილებასთან დაკავშირებით, რასაც მხარის ადვოკატის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის დასაბუთებული სამართლებრივი პროტესტი მოჰყვა. 2017 წლის 20 ივნისის სასამართლოს განჩინებებით, მაია ვაჩაძემ და ნუგზარ სხირტლაძემ საქმიდან თვითაცილება განაცხადეს. საქმე განმხილველი ახალი პალატისთვის გადაეცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს, რომელმაც განსაზღვრა ახალი შემადგენლობა – ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძე და პაატა სილაგაძე. 2017 წლის 8 სექტემბრის განჩინებით, პაატა სილაგაძემ, აგრეთვე მიიღო საქმიდან თვითაცილების შესახებ გადაწყვეტილება და საქმის განმხილველი საბოლოო შემადგენლობა, ჩამოყალიბდა ნინო ბაქაქურის (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძისა და ზურაბ ძლიერიშვილის შემადგენლობით.
საქართველოს უზენაესს სასამართლოში საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მოთხოვნის საფუძველზე, უკვე მოამზადეს სპეციალური მოხსენება და მიეწოდათ დაინტერესებულ ინსტიტუციებს, ხოლო საქმეზე მომზადებულმა ფილმა: „სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ“, რომლის პრეზენტაციაც თბილისში, 2017 წლის ივნისში შედგა, დიდი რეზონანსი გამოიწვია.
როლანდ ბლადაძე თავისი სასარჩელო მოთხოვნებით მოითხოვს, ბათილად იქნეს 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური, გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად. საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობაზე მიუთითებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები