შიო ხეცურიანი: ,,მჯერა, რომ საარჩევნო კამპანია კორექტული იქნება

დეკემბერში საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ახალ პრეზიდენტს აირჩევენ.
,,სარბიელი.ჯი” პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატთან შიო ხეცურიანთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ.
სარბიელი.ჯი: რატომ გადაწყვიტეთ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა?
შიო ხეცურიანი: ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ ჩემს მეგობრებთან ერთად მივიღე. ადამიანებთან, რომლებიც ჩართულები არიან კალათბურთში და გულშემატკივრობენ სპორტის ამ სახეობას. ამ პერიოდის განმავლობაში ვმუშაობთ კალათბურთის განვითარების სტრატეგიაზე. გვჯერა, რომ მე და ჩემს გუნდს შეგვიძლია კალათბურთის უკეთ განვითარება. შეგვიძლია სპორტის ეს სახეობა ჩვენს ქვეყანაში უფრო პოპულარული და მოთხოვნადი გავხადოთ. ყველაფერი ეს კი საბოლოოდ მოემსხურება იმას, რომ გვყავდეს ჯანსაღი ახალი თაობა. ეს არის მთავარი მიზანი.
სარბიელი.ჯი: ახსენეთ გუნდი.. ანუ ჩამოყალიბებულია ადამიანთა ის ჯგუფი, რომელთან ერთადაც იმუშავებთ გაპრეზიდენტების შემთხვევაში?
შიო ხეცურიანი: გუნდი ჩამოყალიბებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კარები ჩაკეტილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც კალათბურთისთვის სიკეთის მოტანა შეუძლია და ჩვენთან ერთად მუშაობის სურვილი აქვს. ჩვენ მზად ვართ მათთან თანამშრომლობისთვის.
სარბიელი.ჯი: მათ შორის დღევანდელი ფორმაციის ფედერაციის წარმომადგენლებთან?
შიო ხეცურიანი: დღეს ფედერაციაში მუშაობს არაერთი პროფესიონალი და საქმისთვის თავდადებული ადამიანი. რა თქმა უნდა მათთან ერთად ვაპირებთ მუშაობას. მაგრამ არიან ადამიანებიც, რომლებიც ჩვენთვის მიუღებელია და მათთან თანამშრომლობას არ ვგეგმავთ. ეს ეხებათ ერთეულებს, რომელთაც ქართული კალათბურთისთვის ბევრი საზიანო გადაწყვეტილება მიიღეს.
სარბიელი.ჯი: შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად ისაუბროთ ნაბიჯებზე, რომელიც არსებული ფედერაციის მხრიდან არასწორი იყო?
შიო ხეცურიანი: პირველ რიგში ასეთ საკითხებს განეკუთვნება ფედერაციის მხრიდან უმოქმედობა რეგიონებსა და ბავშვთა კალათბურთში, ასევე მწვრთნელთა და მსაჯთა განვითარებაში. რთული ვითარებაა სუპერლიგაში.
სულ ორი აქტივობაა ბავშვთა კალათბურთში ჯუნიორ NBA და ბასკონიას კონტრაქტი. პირველი მათგანი ფაქტობრივად სრულად ზაზა ფაჩულიას დამსახურებაა, მეორე კი კარგად მოგეხსენებათ რამდენად სკანდალურია.
სარბიელი.ჯი: კარგად იცნობთ ,,ბასკონიას საქმეს“ ?
შიო ხეცურიანი: ვთვლი, რომ მეც და ჩვენი კონსულტანტი იურისტები კარგად ვიცნობთ ხელშეკრულებას, ეს ხელშეკრულება ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. მე არ ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ კრიმინალია ან/და კორუფციის ნიშნებია ამ ურთიერთობაში. თუმცაღა ერთი რამის თქმა ზუსტად შემიძლია, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმება ქართული კალათბურთის საკეთილდღეოდ მიღებული გადაწყვეტილება არ არის. თუნდაც ავიღოთ ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლი, რომლის მიხედვითაც კალათბურთის ფედერაცია არამხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს აფინანსებს, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც. არ შეიძლება საქართველოს ფედერაციამ არა საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა კალათბურთელების განვითარებაში მოახდინოს ინვესტირება. ეს უკანონო არ არის, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ცალსახად ეწინააღმდეგება.
სარბიელი.ჯი: საკალათბურთო ოჯახში როგორია განწყობა და აქედან გამომდინარე რამდენად დიდია თქვენი გამარჯვების შანსი?
შიო ხეცურიანი: მეც და ჩემი გუნდიც ვფიქრობთ, რომ გამარჯვების შანსი საკმაოდ დიდია და ამიტომაც შევედით ამ ბრძოლაში. ვთვლით, რომ საკალთბურთო სამყაროში არსებობს განწყობა, რომ მნიშვნელოვნად შეიცვალოს არსებული ვითარება.
სარბიელი.ჯი: ელოდებით, რომ კორექტული იქნება საარჩევო კამპანია?
შიო ხეცურიანი: მე მჯერა, რომ იქნება კორექტული. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. მიუხედავად ჩვენი ოპონენტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებისა, არანაირი სურვილი არ გვაქვს ყოველივე ეს პირად შეურაცხყოფაში გადავიდეს. ჩემი მიზანია, რომ ეს არჩევნები არ გადაიზარდოს პიროვნულ დაპირისპირებაში და არ მოხდეს საკალათბურთო სამყაროს გახლეჩა. ბუნებრივია, ოპონირება იქნება, თუმცა იმედი მაქვს რომ დასაშვებ ზღვარს ეს არ გაცდება. იმედია ჩვენი ოპონენტებიც ასე იმოქმედებენ.
სარბიელი.ჯი: როგორ თვლით, განვლილი ცხროვრების განმავლობაში მიიღეთ ისეთი მენეჯერული გამოცდილება, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტის ქმედითი მუშაობისთვის აუცილებელია?
შიო ხეცურიანი: იმ ადამიანებს, ვისაც კალათბურთი უყვარს ად აინტერესებს, შემიძლია ვუთხრა, რომ მე მაქვს გამოცდილება როგორც კერძო სექტორში, ისე სახლმწიფო სამსახურში მუშაობის. ვმუშაობდი ბანკ რესპუბლიკაში; საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქ.ნიუ იორკის გენერალურ საკონსულოში ფინანსურ მენეჯერად; თბილისის იუსტიციის სახლის ხელმძღვანელად; სსიპ იუსტიციის სახლის ფინანსურ დირექტორად და იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარედ, და ეხლა ვმუშაობ საქართველოში წამყვან IT ჰოლდინგში – იუჯითი ჯგუფში, ბიზნეს განვითარების დირექტორის პოზიციაზე. შესაბამისად ვთვლი, რომ მაქვს მიღებული ის გამოცდილება, რომელიც საჭიროა ფედერაციის გამართულად მართვისთვის.
სარბიელი.ჯი: როდის მოხდება თქვენი პროგრამის პრეზენტაცია?
შიო ხეცურიანი: როგორც გითხარით პროგრამაზე მუშაობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ჩვენ დიდი ხანია დავდივართ სხვადასხვა რეგიონში და ვსწავლობთ არსებულ პრობლემებს. დავასრულეთ განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა, რომლის პრეზენტაციაც უახლოეს მომავალში შედგება. ჩვენ არ ვაკეთებთ პროგრამას ფორმალობისთვის, ეს იქნება ჩვენი წარმატების შემთხვევაში ფედერაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი. აღნიშნული პროგრამა სამომავლოდ ჩვენი მუშაობის მონიტორინგის საშუალებაც იქნება გულშემატკივრებისთვის და დაინტრერესებული პირებისთვის. ჩვენი ხედვა კალათბურთის განვითარების თაობაზე 10 წელიწადზეა გათვლილი.
სარბიელი.ჯი: არის პროგრამაში სხვა ქვეყნების გამოცდილება გათვალისწინებული?
შიო ხეცურიანი: ძალიან ბევრი ქვეეყნის მიხედვით ჩავატარეთ კვლევები. მათ შორის გავეცანით სლოვენიის, ლიტვის, ბრიტანულ და ავსტრალიის გამოცდილებასაც კი. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ სლოვენიის მაგალითი ჩვენთვის ყველაზე მისაღებია. სლოვენიის მაგალითზე ათი თვის წინ გავაკეთეთ არჩევანი და ჩვენი სისწორე დღეს ევრობასკეტის მიმდინარეობამაც დაადასტურა. ამასთან მინდა განვმარტო, რომ არ ვფიქრობთ რომელიმე ქვეყნის განვითარების გეგმა დავაკოპიროთ და განვახორციელოთ ჩვენს ქვეყანაში. ამ ქვეყნების გამოცდილებიდან საუკეთესო მაგალითები ავიღეთ და მოვარგოთ ქართულ რეალობას და დავამატეთ ჩვენებური ხედვა შემდგომი განვითარების.
სარბიელი.ჯი: საკალთბურთო სუპერლიგის გუნდების ფინანსურ სტაბილურობას სახელმწიფო პროგრამა განაპირობებს. აქვს თუ არა ამ დაფინანსებას უარყოფითი მხარეები?
შიო ხეცურიანი: ჩვენი კვლელების დროს გამოჩნდა, რომ თითქმის 94 % საქართველოს კალათბურთში დახარჯული ფინანსური რესურსი სახელმწიფოზე მოდის. ერთის მხრივ კარგია, როდესაც სახელმწიფო ფიქრობს სპორტის განვითარებაზე, მაგრამ ყველას გვესმის, რომ კერძო სექტორის მეტი ჩართულობა უნდა მოხდეს. ჩვენ თუ გვინდა სწრაფი და მდგრადი განვითარება ეს აუცილებელია.
სარბიელი.ჯი: ელოდებით საპრეზიდენტო კანდიდატების ზრდას?

შიო ხეცურიანი: არ გამოვრიცხავ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები