„პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზებით გამართული საპროტესტო აქცია დასრულდა

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, „პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზებით გამართული საპროტესტო აქცია დასრულდა. პარტიის წევრები და მხარდამჭერები თბილისში, „ვარდების მოედანზე“ შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობით პარლამენტისკენ გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეებმა რამდენიმე მოთხოვნა გააჟღერეს. ისინი აპროტესტებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს და მათ შორის, მოითხოვენ, მკაფიოდ ჩაიწეროს კონსტიტუციაში, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სახელმწიფოს უპირველესი ამოცანაა და რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არც მფლობელი და არც დამქირავებელი არ შეიძლება იყოს უცხოელი. აქციის ორგანიზატორები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასაც მოითხოვენ. ასევე, მათი მოთხოვნაა, შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც დაიწყებს მუშაობას ახალი პოლიტიკური ფორმატის “საქართველო-ნატო-რუსეთის” ამოქმედებაზე და ამავე კონტექსტში დაიწყოს პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან.
ამასთან, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ადა მარშანიამ ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარტიის წარმომადგენლები ოქტომბერში მოსკოვში მორიგ ვიზიტს გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები