გიორგი გახარია სიემენში ფუჯიანის პროვინციის გუბერნატორს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ჩინეთში ვიზიტით იმყოფება, სადაც პირველი შეხვედრა ფუჯიანის პროვინციის გუბერნატორთან, ვი ვეიგოსთან გამართა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო 18 უმსხვილეს საერთაშორისო, სავაჭრო და საინვესტიციო გამოფენას, რომელიც სიემენში 18-21 სექტემბერს გაიმართება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ 2017 წელი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებისთვის უმნიშვნელოვანესი წელი იყო – ხელი მოეწერა შეთანხმებას ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
,,2017 წელი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობისთვის უმნიშვნელოვანესი წელია. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს. დღეს აქ ვართ, როგორც მიმღები ქვეყანა მსოფლიოში ყველაზე დიდ საინვესტიციო გამოფენაზე. 2017 წლის ნოემბერში საქართველოში კვლავ ჩატარდება აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც ასევე უმნიშვნელოვანესია. გუბერნატორთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ასევე ფორუმის მიზნებზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ, პეკინში ჩატარებული ფორუმის ლოგიკური გაგრძელება იქნება. ძირითადად, ყურადღება კონცენტრირებული იყო იმ ეკონომიკურ წინსვლაზე, რომელსაც ჩვენმა ქვეყნებმა ამ ინფრასტრუქტურის შექმნის შედეგად შეიძლება მიაღწიონ. პირველ რიგში, ეს არის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, ეს არის ნოემბრის ფორუმი, რომელიც თბილისში ჩატარდება და რა თქმა უნდა, ის საინვესტიციო ფორუმი, რომელზეც ხვალ წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 120 კომპანიის წარმომადგენელი საქართველოდან” , – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ასევე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანაორგანიზებით, დაგეგმილია საქართველოს პოტენციალის წარმოჩენა სხვადასხვა ჭრილში, რაც უმთავრესად, საქართველოს ბიზნესკლიმატის, საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას გულისხმობს.
გამოფენის ფარგლებში, ასევე, გაიმართება მაღალი დონის სამთავრობო შეხვედრები, ორმხრივი სესიები კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის და სხვადასხვა ღონისძიებები, რაც საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები