საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, 18-22 სექტემბერს, ნიუ-იორკს ეწვევა, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი იმართება პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც ასამბლეის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრთან ერთად, დაესწრება გაეროს რეფორმების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტისა და გაეროს გენერალური მდივნის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, ასევე, გენერალური დებატების გახსნის ცერემონიას. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP), საქართველოსა და საფრანგეთის ორგანიზებულ მაღალი დონის ღონისძიებაში „Rebuilding Trust in Government”, რომლის ფარგლებშიც, საქართველო გადმოიბარებს ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობას.
მიხეილ ჯანელიძე, პრემიერ-მინისტრთან ერთად, ასევე მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტისა და გაეროს გენერალური მდივნის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის შეხვედრაში თემაზე: ადამიანის უფლებათა საბჭოს რეფორმები. დაგეგმილია მინისტრის მონაწილეობა მინისტრების დონის შეხვედრაში ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების შესახებ – Exponential Technologies.
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გაიმართება სუამის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, ასევე, შეხვედრები სუამი-აშშ-ის და სუამი-იაპონიის ფორმატში.
საგარეო საქმეთა მინისტრი, გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ასევე, შეხვედრას გამართავს ევროკავშირის პოლიტიკურ დირექტორებთან. ასევე, ორგანიზაციების: American Jewish Congress-ის და B’nai B’rith International-ის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან, ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ასევე, კოლეგა მინისტრებთან.
მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ მინისტრის შეხვედრებში ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, ეუთოს გენერალურ მდივანთან, გაეროს გენერალურ მდივანთან, მოლდავეთის პრემიერ-მინისტრთან და უზბეკეთის პრეზიდენტთან.
ასამბლეის გენერალური დებატები 2017 წლის 19-25 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები