სილვი კაზი პრემიერ-მინისტრს: დღეს თქვენ დაადასტურეთ, რომ თქვენი ღვინის კულტურა ჩვენსაზე გაცილებით მდიდარია

განსაკუთრებული კულტურით დღეს თქვენ დაადასტურეთ, რომ თქვენი ღვინის კულტურა ჩვენსაზე გაცილებით მდიდარია, – ამ სიტყვებით მიმართა ღვინის კულტურებისა და ცივილიზაციების ფონდის პრეზიდენტმა, სილვი კაზმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში გამართულ მიღებაზე. „განსაკუთრებული კულტურით დღეს თქვენ დაადასტურეთ, რომ თქვენი ღვინის კულტურა ჩვენსაზე გაცილებით მდიდარია არამარტო მრავალსაუკუნოვანი და მრავალათასწლოვანი მეღვინეობის ტრადიციით, არამედ იმის გამოც, რასაც ამ საღამოს მოვკარი ყური – თქვენს ენაში არსებობს სიტყვა, რომელიც სადღეგრძელოების წარმოთქმაზე პასუხისმგებელ პირს აღნიშნავს“, – მიმართა სილვი კაზმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. სილვი კაზმა გიორგი კვირიკაშვილს ღვინის ქალაქში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და გაიხსენა მისი ვიზიტი ბორდოში 2016 წლის 31 მარტს ღვინის ქალაქის გახსნის ცერემონიაზე. “ამ დღის შემდეგ ქალაქის ისტორია მჭიდროდ დაუკავშირდა თქვენს შესანიშნავ ქვეყანას. დიდი მადლობა ამ განსაკუთრებულ დღეს ჩვენთან ერთად ყოფნისათვის. ამ ქალაქის დაარსების დღიდან ამ ქალაქის ღონისძიებათა პროგრამა საკმაოდ დატვირთული იყო. ჩვენ ყოველწლიურად ორი დიდი გამოფენის ჩატარებას ვუჭერთ მხარს – ერთი ეძღვნება ხელოვნებას და გაზაფხულზე ტარდება, ხოლო შემოდგომაზე დაგეგმილ გამოფენაზე ვიწვევთ მეღვინეობით განთქმულ რეგიონებს საკუთარი კულტურის მრავალფეროვნების წარმოსადგენად. პირველი ასეთი რეგიონი საქართველო უნდა ყოფილიყო – ღვინის აკვანი განსაკუთრებული კულტურით. გამოფენა ივლისიდან 5 ნოემბრამდე გაგრძელდება”, – განაცხადა სილვი კაზმა და ღონისძიების დაფინამსებისთვის მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მინისტრ ლევან დავითაშვილს. სილვი კაზის თქმით, გარდა იმ გამოფენისა, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელ დავით ლორთქიფანიძესთან ერთად შეიქმნა, მომზადდა არაერთი კულტურული ღონისძიება – მათ შორისა, ქართული პოლიფონიური სიმღერების კონცერტი ანსამბლ „სულიკოს“ შესრულებით, ქართული ტრადიციული ღონისძიება – სუფრა, და კიდევ არაერთი შესანიშნავი აქტივობა. “დიდი მადლობა ქვევრისათვის, რომელიც ჩვენ გადმოგვეცით. ის შემოსასვლელშია განთავსებული, როგორც ქართველებსა და ფრანგებს, ასევე ბორდოს, ღვინის ქალაქსა და თქვენს შორის არსებული მეგობრობის სიმბოლო”, – მიმართა სილვი კაზმა გიორგი კვირიკაშვილს. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები