“მრავალეროვანი საქართველო” ემზარ კვიციანის ინიციატივას ეხმიანება

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წევრის, ემზარ კვიციანის ინიციატივას, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე(http://info.parliament.ge/#law-drafting/14403). ა/წ 5 სექტემბერს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, ავტორები სთავაზობენ კანონში შემდეგი ჩანაწერის ასახვას: „ეთნიკური ქართველი – პირი, რომელიც ატარებს ქართულ გვარს და თავს მიიჩნევს ქართველად“. „მრავალეროვანი საქართველო“ კატეგორიულად არ ეთანხმება აღნიშნულ ინიციატივას და მიიჩნევს, რომ იგი მიმართულია საზოგადოების ეთნიკური ნიშნით სეგრეგაციისკენ, რაც ისეთ მრავალეთნიკურ ქვეყანაში, როგორიცაა  საქართველო, ეთნოსთაშორისი უთანხმოების გაღვივების დამატებით რისკებს შეიცავს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველო ამჟამად წინასაარჩევნო ფაზაში იმყოფება, ხოლო ჩვენი ორგანიზაციის გამოცდილება ცხადყოფს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად, როგორც თვით განცხადებით, ასევე თემის გარშემო გამართული შემდგომი პოლემიკით, ეთნოსთაშორის თემატიკას დისკრიმინაციულ კონტექსტში პოლიტიკოსები აქტიურად იყენებენ.
ზემოაღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, „მრავალეროვანი საქართველო“ აცხადებს მორატორიუმს და ამიერიდან თავს შეიკავებს მსგავსი ხასიათის საკითხების ირგვლივ გამართულ დისკუსიებში მონაწილეობისაგან. ამ და სხვა შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით, კი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, ორგანიზაცია სრულფასოვან რეაგირებას მოახდენს.
ასევე, მოვუწოდებთ ყველა საარჩევნო სუბიექტსა და პოლიტიკოსს, სიფრთხილე გამოიჩინონ და თავი შეიკავონ იმგვარი განცხადებებისგან, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ საარჩევნო გარემოზე და ხელს უწყობენ ელექტორატის დაყოფას სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციულ კონტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები