საჯარო შესყიდვების თემაზე, მსოფლიო მასშტაბის ორი ფორუმი ჩატარდება

პირველად საქართველოში, საჯარო შესყიდვების თემაზე, მსოფლიო მასშტაბის ორი ფორუმი ჩატარდება. როგორც “კვირას” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან აცნობეს, რიგით პირველ ფორუმს, რომლის სახელწოდებაა “რეგიონალური ფორუმი სამთავრობო შესყიდვებზე“, 19-22 სექტემბერს, თბილისში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია გამართავს. ამ ფორუმის თანაორგანიზატორია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. ფორუმის ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებიდან, 50- კაციანი დელეგაცია ეწვევა. ფორუმს დაესწრებიან მსოფლიოში ავტორიტეტული ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, რომლებიც, როგორც სამთავრობო შესყიდვების ეფექტიანობაზე, ასევე ამ სფეროს მეტ ტრანსპარენტულობასა და მის მონიტორინგზე მუშაობენ.
19 სექტემბერს 09:00 საათზე, ფორუმი სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიხსნება.
ოქტომბრის დასაწყისში, 2-4 ოქტომბერს კი, „აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ფორუმი – საჯარო შესყიდვების ელექტრონულ სისტემებზე“ ჩატარდება. თბილისს, ძირითადად აზიის რეგიონის ქვეყნებიდან, 120 კაციანი დელეგაცია ეწვევა. ფორუმის მთავარი ორგანიზატორია აზიის განვითარების ბანკი, თანამონაწილე კი მსოფლიო ბანკი. ამ დღეებში ძირითადი განსახილველი თემატიკა მიეძღვნება ელექტრონული შესყიდვების სრულყოფის საკითხებს.
აღნიშნული ფორუმები ყოველ წელს იმ ქვეყანაში ტარდება, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სფეროს რეფორმებითა და მოდერნიზაციის მიღწევებით გამოირჩევა. ეს შეხვედრები მსოფლიო კალენდარში ერთგვარი აღიარებაა საქართველოში მიმდინარე წარმატებული რეფორმებისა, როგორც სახელმწიფო შესყიდვების სფეროში, ასევე ზოგადად დემოკრატიული მმართველობის დასანერგად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები