ბურჭულაძის ფონდის ირგვლივ სკანდალი გრძელდება – „აუცილებელია, გაირკვეს, რა მიზნებისთვის იხარჯებოდა მილიონობით ლარი“

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ ეხმაურება პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც PosTV-იმ ჩაატარა და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, დაინტერესდეს ამ საკითხით.
„ასოციაციას მიაჩნია, რომ აუცილებელია, დაიწყოს გამოძიება და ამომწურავი პასუხი გაეცეს ფონდის საქმიანობის კანონიერებასთან დაკავშირებულ კითხვებს. მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, კრიტიკულად აუცილებელია, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გაირკვეს, რა მიზნებისთვის იხარჯებოდა მილიონობით ლარი, რომელსაც ქართული საზოგადოება, წლების განმავლობაში, შეჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად ფონდ „იავნანას“ და მის დამფუძნებელსა პაატა ბურჭულაძეს ანდობდა.
აფბას მიაჩნია, რომ „პოსტივის“ მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ არაერთი კითხვა ჩნდება ფონდში თანხების აკუმულირების, აღრიცხვისა და მათი ხარჯვის კანონიერებასთან დაკავშირებით და ახლა უკვე ობიექტური გამოძიების საქმეა, გაარკვიოს, ჰქონდა თუ არა ადგილი სისხლის სამართლის წესით დასჯად ისეთ ქმედებებს, როგორებიცაა თაღლითობა, ქურდობა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება).
აფბა დარწმუნებულია, რომ ამ საქმეზე, მიუკერძოებელი, სწრაფი და ეფექტური გამოძიების ჩატარება საკუთრივ ფონდი “იავნანას” და მისი ხელმძღვანელის ინტერესებში უნდა შედიოდეს.
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციისთვის”, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ „იავნანასთან“ დაკავშირებული სკანდალის ფონზე, არ მოხდეს საქართველოში ქველმოქმედების იდეის დისკრედიტაცია.
ამიტომ მოვუწოდებთ ყველა საქველმოქმედო ფონდს და ფილანტროპიით დაკავებულ ყველა კორპორაციას, უმოკლეს ვადებში წარმოადგინონ დეტალური და გამჭვირვალე ანგარიში მათი საქველმოქმედო საქმიანობის თაობაზე.
ამასთან ერთად, უახლოეს მომავალში ფართო დისკუსია უნდა დაიწყოს ამ ტიპის გამჭვირვალობის ვალდებულების საკანონმდებლო რეგულაციების შექმნის მიზანშეწონილობაზე“, – აღნიშნავენ ასოციაციაში.
შეგახსენებთ, რომ PosTV-ის საგამოძიებო სტუდია პაატა ბურჭულაძე და ფონდი “იავნანა” საქველმოქმედოდ მობილიზებული მილიონობით ლარის მითვისებაში ამხილა.
საგამოძიებო სტუდიამ ფონდის ჩრდილოვანი საქმიანობა დეტალურად შეისწავლა. ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ პაატა ბურჭულაძის “იავნანა” შოუ-ბიზნესზე აწყობილი, პირადი გამდიდრების მიზნით შექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც ქველმოქმედებას მხოლოდ თვალის ასახვევად ეწეოდა.
საგამოძიებო ფილმში, ექსპერიმენტალურად დასტურდება, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, მხოლოდ შესაწირი ყუთებიდან, ფონდს, ოფიციალურად აღრიცხული ერთი მილიონი ლარის მაგივრად, 13 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი უნდა მიეღო, რომლის ბედი დღემდე გაურკვეველია; ფილმიდან ირკვევა, რომ საცხოვრებლად უვარგისი ბინებისა და სახლების შესაძენად „იავნანამ“ ჯამში, სულ რაღაც 820 000 ლარი გაიმეტა, ხოლო თანამშრომლების ხელფასებში ორჯერ მეტი – 1 760 000 ლარი გასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები