თეა წულუკიანი: კონსტიტუციის პროექტი მაქსიმალურად დაბალანსებულია
“ბატონი სააკაშვილი იმზადებდა პრემიერ-მინისტრის სკამს და ამისთვის სჭირდებოდა ეს კონსტიტუცია. ამგვარი ხარვეზები და ხელისუფლების უზურპაციის ნებისმიერ შესაძლებლობა ახალი პროექტით გამორიცხულია“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით კომენტარისას განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, კონსტიტუციის პროექტი მაქსიმალურად დაბალანსებულია. თეა წულუკიანი აცხადებს, რომ კონსტიტუციის პროექტი საქართველოს იმ საპარლამენტო მოდელს აძლევს, რომლის შემოღებაც 2010 წელს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიუხედავად, არ მოხდა. ამის მიზეზად კი წულუკიანმა საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი სამომავლო გეგმები დაასახელა. “ბატონი სააკაშვილი იმზადებდა პრემიერ-მინისტრის სკამს და ამისთვის სჭირდებოდა ეს კონსტიტუცია. ამგვარი ხარვეზები და ხელისუფლების უზურპაციის ნებისმიერ შესაძლებლობა ახალი პროექტით გამორიცხულია. რაც შეეხება მოდელს მაჟორიტარული თუ პროპორციული, არავისთვის არ არის დასამალი, მე როგორც ყოფილი მაჟორიტარი მხარს ვუჭერ და ყოველთვის დავუჭერ მაჟორიტარულ სისტემას საქართველოში“, – განაცხადა წულუკიანმა.
ამ წუთებში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსულტაციებს მართავენ. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა საკონსტიტუციო ცვლილებების საკუთარი ვერსია შექმნან და „ქართულ ოცნებას“ გააცნონ. ამის შესახებ მარგველაშვილმა 11 სექტემბერს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს.