ლევან კობიაშვილი შალვა ნათელაშვილის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს: მოვუწოდებ, თავი შეიკავოს ტყუილებისგან

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ლევან კობიაშვილი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.
როგორც ლევან კობიაშვილი აცხადებს, მას შემდეგ, რაც ის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის განსაზღვრული ხელფასი არ აუღია.
„მსურს, გამოვეხმაურო შალვა ნათელაშვილის აბსურდულ განცხადებას, რომ თითქოსდა ჩემი, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ხელფასი შეადგენს 120 000 ლარს. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ მას შემდეგ, რაც არჩეული ვარ გლდანის 21-ე ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად და ვარ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრი, კანონის შესაბამისად, არ ვიღებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს, შესაბამისად, ჩემი, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ხელფასი შეადგენს 0 ლარს.
რაც შეეხება არჩევნებამდე მიღებულ ხელფასს: მსურს, გითხრათ თქვენ და, ამავდროულად, გული დავწყვიტო ბატონ შალვას, რომ ინფორმაცია, რომელსაც ის ავრცელებს და იყენებს თავისი საარჩევნო მიზნებისათვის, არის აბსოლუტური სიცრუე. თანხა, რომელსაც ის ასახელებს, არის აბსურდული და რადიკალურად განსხვავებული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოსგან.
მიუხედავად იმისა, რომ ბატონი შალვას რიტორიკა სიახლეს არ წარმოადგენს და მას ამ მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მოვუწოდებ, თავი შეიკავოს ტყუილებისგან და ამ ტყუილების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებისგან“, – აცხადებს ლევან კობიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები