„ახალ-ახალი დიდგორები გვაქვს მოსაგები“…  –  ლევან ლორიას  პაემანი მწერლობასთან

კეთილი იუმორი გურიიდან დაჰყვა, სადაც დაიბადა, გაიზარდა, ლიტერატურის სიყვარულსაც ოჯახში ეზიარა. შემდეგ კოხნარის სკოლაში დიდებული პედაგოგების წყალობით გაგრძელდა ეს სიყვარული… მაგრამ მომავალში მაინც ფიზიკის ფაკულტეტზე შეიტანა საბუთები. მოთხრობებს კი, წერდა თავისთვის ასფურცლიან რვეულებში, რომელსაც „დასახევი რვეულები“ უწოდა.  ერთხელაც გაბედა და ამ რვეულიდან გამოამზეურა საკუთარი შემოქმედება… და იღბლიანადაც.
მას მერე მისი მოთხრობები და ნოველები თითქმის ყველგან ქვეყნდება,  ლიტერატურული კონკურსების გამარჯვებულიც გახდა.
მოთხრობების 4 კრებულის და ლექსების კრებულის ავტორია.  რომანი – „წარმოდგენა იწყება“ სამი წლის წინ გამოიცა.
სკოლა „ლომისის“ ფიზიკის პედაგოგია, უყვარს
მეგობრებთან ყოფნა, ფეხბურთი,  კარგი ფილმის ყურება, მოგზაურობა, სიმღერა…   – ლევან ლორიას პერსონა.

– რაც  მახსოვს, დროდადრო ჩემს ნოველებში ვიყენებ. გავიხსენებ  ლიტერატურასთან   პირველ  პაემანს.  დედაჩემი,  ძილის წინ, ან თუ სიცხეს მომცემდა ან რამე ამტკივდებოდა, მოგონილ თუ ნამდვილ  ამბებს  მიამბობდა, ტკივილიც მიყუჩდებოდა  და  შემეძლო, დაუსრულებლად მესმინა.  ხან  უფროსი და-ძმა მიკითხავდა ლექსებს თუ ზღაპრებს,  მერე ხან ვეშმაკობდი  და  რაიმეს ავიტკივებდი.  სანამ  გამიგებდნენ,   მიხვდი, რომ ეს ჯადოსნური სამყარო, სადაც დევები, უფლისწულები და პრინცესები სახლობდნენ, წიგნები იყო.
სოფელში სულ საქმეა, ყოველთვის სად  სცალიათ შენთვის, რომ წიგნი გიკითხონ და  მაშინ მომინდა მეც მესწავლა კითხვა და მასწავლეს. ცალკე თემაა დედაჩემის ბიბლიოთეკა, რომლითაც  ლამის მთელი სოფელი სარგებლობდა და  დღიურები, რომლებსაც დიდი ხანია აწარმოებს  და სოფლის თავისებური   მატიანეა.
მამაჩემსაც გავიხსენებ, სკოლა რომ დავამთავრე, თბილისში უმაღლესში  ჩასაბარებლად  მამამ  წამიყვანა,  პირველ  ორ გამოცდაში  ოთხები მივიღე, მესამე მქონდა ქართული წერა.  მერე მამამ,  მგონი, მთელი  საქართველო  დაიარა და ასამდე „შპარგალკა“ მომიტანა, რომელიც ისე იყო წვრილად  დაწერილი, გამოცდაზე კი არა, ბიძაჩემთან,  ბინაში გამიჭირდა  წაკითხვა,  ერთიც არ წამიკითხავს.
გამოცდაზე აგვისტოს თაკარა სიცხეში  ჩემი დის მიერ სკოლის დამამთავრებელ  საბანკეტოდ  ნაყიდი  პიჯაკით შევედი,  რომელიც  ,,შპარკალგებით“   იყო დატენილი.  ორი თემა სასკოლო  პროგრამიდან  იყო,  მესამე თავისუფალი, სათაურით ,,ოცდამეერთე  საუკუნის მიჯნაზე“.  ის ორი თემა არც მახსოვს,  მამას ჰქონდა სია,  ადრე თემებს  ეზოშიც აცხადებდნენ,  მოუსმენია და უხაროდა, რომ  ორივე  მქონდა.  მე მაინც თავისუფალი დავწერე, თან ვფიქრობდი, თუ ჩავიჭერი, სხვას ხომ არ დავაბრალებ, ჩემი ბრალი იქნება-მეთქი.  გამოცდიდან რომ გამოვედი და მამამ ჩემი ამბავი გაიგო,  ყოჩაღ,  ასე უნდა მოქცეულიყავიო – მითხრა.
სახლში დაბრუნებულს ბიძაჩემი მეკითხება, ლენინი და  კომუნისტური პარტია ახსენეო, არა-მეთქი. არც ბორის ძნელაძე  ან კომკავშირიო, არც ესენი-მეთქი, აბა, რა დაწერეო. მაშინ  ჩვენი ,,ჩაკრულო“ კოსმოსში ამერიკელების მიერ ახალი გაშვებული იყო. დავწერე, როგორ გაფრინდება ქართველი კოსმონავტი  და  აღმოვაჩენთ სხვა გონიერი არსებებით დასახლებულ პლანეტას და იქაც ქართულად  იმღერებენ და  იცეკვებენ, ქართულად ილაპარაკებენ და დაწერენ-მეთქი. ეჰ,  ჩაჭრილი, ხარო.  იმ თემაში სამიანი მივიღე, თუმცა  სტუდენტი მაინც გავხდი.
– რით იყო  განსაკუთრებული სკოლის პერიოდი?
– ჩოხატაურის რაიონის სოფელ კოხნარის საშუალო სკოლა დავამთავრე.  აქედან მინდა მოვეფერო ჩემს სკოლას, ყველა ჩემს მასწავლებელს.
სკოლა მიყვარდა, ერთხელ ოჯახთან ერთად ნათესავის ქორწილში ვიყავით სხვა რაიონში,  ისე მოხდა, რომ მეორე დღესაც  ვერ წამოვედით დროულად და  ბღავილით ავიკელი იქაურობა,   გაკვეთილებს ვერ გავაცდენ-მეთქი. გაგიჟდა ხალხი, პირველად ვნახეთ, ბავშვს  კლასი ასე უყვარდესო. მიყვარდა ჩემი მასწავლებლები, ახლაც მიყვარს,  მათ თითქოს სხვა სამყაროდან გადმოსულ კეთილ  ჯადოქრებად  ვთვლიდი, რომლებმაც ყველაფერი იცოდნენ, თუმცა ერთხელ გამრიცხეს, შატალოზე გავიპარეთ, თან რატომ:
ფილმი გადიოდა ,,აკაკის აკვანი“ და  ერთი კლასელი მყავს, ნინო თოდუა,  კლასელები ირაკლის ვეძახით, ახლა   სკოლა ,,ლომისში“ ვასწავლით ორივე, ჰოდა, ეტყობა ფილმი მოენატრა და  იმან მოინდომა შატალო,  მე კი ვიძახე, ნანახი მაქვს ეს სურათი-მეთქი,  მაგრამ ვინ გაგიგონა,  უმცირესობაში აღმოვჩნდი.
ჰოდა, გაგვრიცხეს   მე და  ლაშა  თევზაძე,  ჩვენი კლასის უცვლელი თამადა, რომელიც მერე  ჩემი  ნათლიაც  გახდა.  ახლაც არ ვიცი,  მე რა შუაში ვიყავი, ან  ის…
არასდროს დამავიწყდება ქართულის  მასწავლებლის, ქალბატონ მაყვალას   სიტყვები, ჩემი პატარა სამშობლოო,  ასე თქვა ერთმა მოსწავლემ და შეუსწორა,  სამშობლოზე არასდროს  პატარა  არ თქვაო.  მიკვირდა, სავალდებულო მასალის გარდა, მაყვალა  მასწავლებელი  ისეთ ლექსებს და თუ მოთხრობებს  გვაძლევდა  დავალებად და გვასწავლიდა, რომელიც არცერთ სასკოლო სახელმძღვანელოში  არ იყო შესული…
აქვე მადლობა უნდა ვუთხრა ახლანდელი ჩემი სკოლის დირექტორს, სადაც ვმუშაობ, ქალბატონ თამარ ბარძიმაშვილს და სკოლა ,,ლომისის“ მთელ კოლექტივს, იმის გარდა, რომ აქ ნამდვილი პროფესიონალები ასწავლიან,  უპირველესი დანიშნულებაა,  გაიზარდოს საქართველოს  ღირსეული მოქალაქე, რომელიც ამაყად  ატარებს  ლომისელის სახელს. მადლობა ჩემს მეორე კოლექტივს,  ,,განათლების სახლს“  და ხელმძღვანელებს –   ზაზა ცოტნიაშვილს  და  ელზა მელანაშვილს.
– რატომ გადაწყვიტეთ ფიზიკის ფაკულტეტზე ჩაბარება, როცა ბავშვობიდან წიგნების და ლიტერატურის სიყვარულით სავსე გარემო გქონდათ?
– ფიზიკა მიყვარდა, ალბათ იმიტომ, რომ ფიზიკა ბუნების შემსწავლელი მეცნიერებაა და ბუნება და, ზოგადად, სიცოცხლე, ყველაზე დიდი საოცრებაა, რაც შემოქმედმა შექმნა და მიყვარდა  ფეხბურთი. ვიცოდი, რომ პოლიტექნიკურ ინსტიტუტს ჰყავდა ძალიან კარგი საფეხბურთო გუნდი და აქ იყო ფიზიკის ფაკულტეტი. ამ ორმა გარემოებამ გადამაწყვეტინა  ფიზიკის ფაკულტეტზე ჩაბარება, სწავლის პერიოდში ვთამაშობდი „გეპეის“ გუნდში, მინდა გავიხსენო ომარ ურთმელიძე, რომელიც, იმის გარდაა, რომ შესანიშნავი  მწვრთნელი იყო, გადასარევადაც  მღეროდა ხავერდოვანი ბანით,  ეტყობა, ფეხბურთის  სიყვარულმა დაათმობინა  მსოფლიო თუ ქართული საოპერო სცენები. ოღონდ ეს შემთხვევით გავიგეთ: გასვლაზე გვქონდა თამაში ჭიათურის ,,მაღაროელთან“, რომელიც მაშინ პირველ ადგილზე იყო, ჩვენ ის თამაში 3:0 მოვიგეთ,  მერე  მოგება გზისპირა რესტორანში აღვნიშნეთ და ეს ნიჭიც აღმოვაჩინეთ.
როდის დაიწყეთ წერა და „დასახევი რვეული“ რატომ დაარქვით პირველ ნაწერებს?
– ბევრი რომ ვიკითხე,  მერე ,,წერამ  ამიტანა“…  ვწერდი ჩემთვის, ასფურცლიან რვეულებში, რომლებსაც ,,დასახევი რვეული“ დავარქვი და ათამდე კი დამიგროვდა. ვფიქრობდი, დროებითია, დავჭკვიანდები,  გამივლის და მერე დავხევ-მეთქი, მაგრამ დღესაც არ გამიარა…
ნაწილი ჩემი ნაწერებისა „დასახევი რვეულებიდან“  გავბედე და ხალხსაც გავაცანი.  შესანიშნავმა  შემოქმედმა   თამარ  ბუკიამ   ლიტერატურული საიტები  „ლიტერატურა. ჯი“ და „ურაკპარაკი. კომ“ გამაცნო. ეს საიტები ძალიან ეხმარება იმ ხალხს, რომლებიც წერენ, რათა მან მკითხველი  გაიჩინოს.  ზოგს მოეწონა, ზოგმა შენიშვნა მომცა. ისე კი ვთვლი, რომ ერთი მკითხველი  მაინც გყავს და  განწყობაც გაქვს,   წერო უნდა!
–  პირველი ნოველა „ლიტერატურულ პალიტრაში“ გამოქვეყნდა. რომელი ნოველა იყო და რა განცდა გქონდათ, დაბეჭდვის მერე?
– ეს იყო ნოველა ,,ბამბო, ხვალ  უნდა მოვიგოთ, ხო იცი?!“  ნოველა პატარა, ფუმფულა ლეკვზეა, რომელიც, გარდა იმისა, რომ  ლაპარაკობს,  ფიქრებსაც კითხულობს და გარკვეული  წინასწარმეტყველების უნარიც აქვს.   ეს ამბავი სიზმარში ვნახე, თითქმის უცვლელი სახით გადმოვიტანე ქაღალდზე.  მაშინ საქართველოს ფეხბურთელთა  ნაკრებს თამაში ჰქონდა და მოგების შემთხვევაში  გარკვეული შანსს  ვინარჩუნებდით,  მუნდიალის ფინალში მოვხვედრილიყავით. სიზმარშიც და ნოველაშიც ბამბოს ვეხვეწები, შენ ხომ ძაღლის ბედი გაქვს, იქნება მოგვაგებინო-მეთქი. თამაში, სამწუხაროდ, წავაგეთ, ნოველა დარჩა.  მადლობა  ქალბატონ ელენე სალარიძეს,  შესანიშნავ მწერალს, რომელიც მაშინ ,,ლიტერატურული პალიტრის“ პროზის რედაქტორი იყო.  როცა  დავიბეჭდე, პატარა ბავშვივით გამიხარდა და იგივე შეგრძნება მაქვს ახლაც, თუ სადმე ვიბეჭდები.
მრავალი კონკურსის გამარჯვებული, ან პრიზიორი ხართრომელია ყველაზე ძვირფასი ჯილდო?
– მიყვარს ლიტერატურული კონკურსები, ხან ფინალისტი ვარ, ხან პრემიაც შემხვდა, ხანაც ფა-ფუ, არაფერი, მაგრამ ნოველა ხომ მრჩება ან ახალი ლექსი. ხარაგაულში, ლიტერატურულ კონკურს ,,ოდეონზე“, ქალბატონ იზა ვეფხვაძესთან, ვიყავი სამჯერ: ერთხელ მესამე ადგილზე გავედი, ერთხელ – ფინალურ ხუთეულში. არასდროს დამავიწყდება გიორგი კუბლაშვილის ორგანიზებით ჩატარებული ლიტერატურული მარათონი ,,თუთა“ და წალენჯიხაში სტუმრობა.
ვიყავი საგურამოში, ილია ჭავჭვაძის სახლ-მუზეუმში ჩატარებული ,,პენ მარათონის“ ფინალისტი, ,,წეროს“ ფინალისტი, რამდენჯერმე ვიყავი რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის პრიზიორი, რომელსაც ლიტერატურული ჟურნალი ,,ანეული“ ატარებს.
ძალიან მიყვარს ,,ლექსების გამოფენა“, რომელსაც ბათუმში ზაზა ფირცხალაიშვილი შესანიშნავ აჭარელ ახალგაზრდა შემოქმედებთან ერთად ატარებს, იქაც რამდენჯერმე ვიყავი ფინალისტი, გამახარა ,,ბუხუტი მასწავლებელმა“, ნოველამ, რომელმაც წელს მეორე პრემია აიღო ქუთაისში ჟურნალ ,,განთიადის“ 130 წლისთავისადმი მიძღვნილ კონკურსში, მაგრამ ყველაზე დიდი სიხარულია, უცნობი ადამიანი თუ მეტყვის, უი, შენ ხარო, ეს შენი დაწერილია, რა კარგად დაგიწერიაო, – ვიცი რომ ეს უცნობი ადამიანი გულწრფელია მაშინ.
მოთხრობების ოთხი კრებული გამოეცით. რომელი მოთხრობა გიყვართ ყველაზე მეტად და რაიმე საინტერესო რეალურ ისტორიას ხომ არ უკავშირდება?
– რადგან  ვბედავ, რომ ხალხს ჩემი ნაწერი ვაჩვენო, გარკვეულწილად მეც მომწონს ისინი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არის ნოველები, რომლებიც, ვთვლი, რომ უფრო კარგი გამოვიდა. ერთ-ერთი ასეთია ალბათ ,,მე და დუდუ“, ნოველა თუთიყუშზე, რომელიც მართლა ჰყავს ერთ ჩემს ნაცნობს და სახელიც იგივე აქვს.
დუდუს თუ დაინახავ, უნდა მიესალმო, თუ არა და, გაგაჩერებს:  ,,რომ  ჩამივლი,  რა გამარჯობა არ უნდა მითხრა?“  მიესალმები,  კმაყოფილია  და გეტყვის:  ,,ეგრე, რა!“  ამ ამბავს მერე რაღაცები მე მივუმატე და მივიტანე ჩვენს მწერლობაში. იქ მაშინ არავის ვიცნობდი. გაზაფხულზე მიტანილი დაიბეჭდა შემოდგომაზე,  არც ვიცოდი  – მეგობრებმა მომწერეს, შენი ნოველა ჟურნალ „ჩვენს მწერლობაშიაო“. გამიხარდა, რა თქმა უნდა, და რამდენიმე დღის მერე დავრეკე მადლობის სათქმელად. თურმე მეძებენ, თან უნდათ, რომ ჰონორარიც გადმომცენ, თან აინტერესებთ,   ვინ ვარ. მაშინ   გავიცანი ბატონი როსტომ ჩხეიძე   და  პროზის განყოფილების  რედაქტორი ვანო ამირხანაშვილი. თურმე  ბატონ როსტომს ეუბნებიან ნაცნობები, ვინ არის ეს ავტორიო,  ეტყობა შენი ფსევდონიმია  და არ გვეუბნებიო.   ეს ნოველა იმითაც არის  ძვირფასი,   რომ რევაზ ინანიშვილის „ერთი  მოთხრობის“ კონკურსის  პრიზიორიცაა.  ამის შემდეგ კიდევ დამიბეჭდეს სხვა ნოველებიც  და უკვე სურათიც დაამატეს.
რომანი „წარმოდგენა იწყება“… როდის დაიწერა და რაზეა? რა თემას ეხება?
– რომანი სტუდენტურ ცხოვრებაზეა, სამი  წელი იწერებოდა და გარკვეულწილად ჩემი სტუდენტობაცაა  და  ,,საბანკო-საფინანსო ინსტიტუტში“ მუშაობის ანარეკლიც, რომლის რექტორია, ცნობილი ეკონომისტი და ხელოვნების დიდად მოყვარული ადამიანი ბონდო ზარნაძე.
სტუდენტობის დროს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თეატრალური  ოლიმპიადების ხშირი მონაწილე ვიყავი, ინსტიტუტში კი ,,მსკ“-ს გუნდს ვხელმძღვანელობდი, მოწვეული რეჟისორის დახმარებით სპექტაკლიც დავდგით,  ერთ-ერთი როლი მეც ვითამაშე,  ასე თუ ისე,  მეც მაქვს ნასუნთქი  სცენური მტვერი.
რომანი  კი  მასში მონაწილე ,,მსახიობების“  ყოველდღიური ცხოვრებაა, მათი განცდა, სიხარული, ტკივილიც  და პრემიერამდე  მისვლის ამბებია ასახული და ,,წარმოდგენა“ რომ იწყება, მაშინ მთავრდება რომანი. ერთიც უნდა გავიხსენო, ნაწარმოების თავებს ლიტერატურულ საიტებზე  ვდებდი და ძალიან მეხმარებოდნენ მკითხველები თავიანთი შენიშვნებით, განსაკუთრებით კი – ლიტერატორი და ძალიან კარგი ადამიანი  მიშა რატიანი. ასეთი ეპიზოდიც მახსოვს,  შენიშვნა მომცა, რომელიც იმდენად ღირებული იყო,  რომ მომიხდა საწყისი ორი თავის წაშლა  და თავიდან დაწერა. საიტზე რომ ნაწარმოები გაქრა,  ბატონ მიშას უნერვიულია, კაცს ხომ არ ვაწყენინეო.  ვფიქრობ, რომ როცა შენიშვნას გულშემატკივარი გეტყვის, ამით გეხმარება. მადლობა მინდა გადავუხადო წიგნის რედაქტორს, ქალბატონ  ანა ჭაბაშვილს  და  გამომცემლობა ,,ბაკურ სულაკაურს“, რომ რომანმა დღის შუქი იხილა.
როგორ იწერება ლექსები და ნოველები? როგორ მოდის შთაგონება?
– ალბათ ყველას ვინც წერს,   თავისებური ფორმულა აქვს. მე ვთვლი, თითქოს სხვა განზომილებაში გადადიხარ, მაშინ იჯერებ ფიზიკოს გია დვალის ჰიპოთეზას, რომ სამყარო სამგანზომილებიანი კი არა, თორმეტგანზომილებიანია. შთაგონება კი მაშინ მოდის, როცა გულგრილი არ ხარ,  ან ძალიან გიხარია, ან ძალიან გტკივა, უფრო ალბათ – როცა გტკივა.
ზოგჯერაც ცხოვრებისეული დეტალები გეხმარება, მაგალითად, ერთი მოთხრობა მაქვს, თამაზა ჰქვია. თამაზი ჩემი ბიძაშვილიცაა,  კლასელიც და ძმაკაციც და მართლა სულ დანჯღრეული მანქანები ჰყავს, დანარჩენი მოგონილი ამბებია.  ნოველაში მეოთხეჯერ აპირებს დაქორწინებას. საწყალს არ უმართლებს, ის მეოთხე კაცი აღმოჩნდება  და მერე ისევ პირველ ცოლს უბრუნდება. ცხოვრებაში  კი მხოლოდ ერთი მეუღლე ჰყავს, ქალბატონი ნანა და ძალიან ერთგულია მისი. სხვა  ნოველის,  ,,საცაა   და შემოკრავს ზარებს“, იმპულსი იყო  ალექსანდრე, რომელიც სამიოდ  წლის წინ ჩემს  შეეძინა ჩემს კლასელს, ლევან აფხაზავას,  ჰოდა, ექოსკოპიაზე რომ იყვნენ, ექიმი ეუბნებათ თურმე, ბიჭია, ზარებივით აქვს კვერცხებიო…
საყვარელი მწერალი…
– საყვარელი მწერალი, ან საყვარელი წიგნი, როცა გეტყვიან, როგორ გინდა რუსთაველზე არ თქვა, ,,ვეფხისტყოსანი“ არ გაიხსენო.  პატარა ექსპერიმენტი, ოღონდ ჯერ აუცილებლად უნდა დავსხდეთ. მოვკალათდით ხომ  კარგად. აბა ახლა, წამით წარმოიდგინეთ, საქართველო ურუსთველოდ!
მორჩა,  გავიდა ის წამი, საშინელი, უცებ რაღაც სიცარიელში აღმოვჩნდით თითქოს,  ღმერთმა დაგვიფაროს. მადლობა უფალს, გვყავს რუსთველი და  გვაქვს ,,ვეფხისტყაოსანი“. რამდენის უფლება მაქვს, არ ვიცი, კიდევ სამს  აღვნიშნავ.  დავიწყებ ნოდარ დუმბაძით, ვერასდროს ვერ დავივიწყებ წიგნს,  რომელსაც ,,ოთხი რომანი“ ერქვა, ხან  გიჟივით რომ ვხარხარებდი და ხანაც ცრემლი მახრჩობდა, მერე ზვავივით შემოჭრილი გურამ დოჩანაშვილი, ,,სამოსელი პირველი“ და დიდი კანუდოსელები, ეს საოცარი წიგნი-წინასწარმეტყველება.  მიკვირს, ქართული ტელევიზები რომ არის გადავსებული უცხოური სერიალებით ან   ქართული სერიალი  თუ არის და წესიერ ოჯახში ტელევიზორს  ვერ ჩართავ, გინების კორიანტელი  ისე იღვრება, ლამის წაგლეკოს,   რატომ არავის  უჩნდება  სურვილი, გადაიღონ  ,,სამოსელი პირველი“, თუნდაც სერიალი.  სერიალს იმიტომ ვამბობ, შუძლებელია ამ წიგნიდან რაღაცები ამოჭრა, მთლიანად უნდა მიაწოდო მაყურებელს, ისე მართალი ვერ იქნები.  მესამე  მარკესი, ,,მარტოობის ასი წელი“, წიგნი საოცრება, ყველა აბზაცი  ფეიერვერკივით  რომ   გაოცებს.
–  ვიცი, რომ საინტერესო მოგონება გაქვთ მურმან ლებანიძეზე… კარგი იქნება, ჩვენი მკითხველისთვის გაიხსენოთ…
– მურმან ლებანიძე   ქართველი ხალხის   საყვარელი პოეტია, ასე იქნება, სანამ საქართველო იქნება. ჰოდა მიდის რუსთაველზე, კავკასიონივით თმა თეთრი და მყინვარწვერივით  ბუმბერაზი. მე მის საპირისპიროდ მოვდივარ,  მიხარია, რომ ვხედავ  და გვერდი რომ ჩავუარე,  გული  დამწყდა და უკან დავბრუნდი და მეორეჯერაც შევხვდი. მეორეჯერაც ზუსტად ისე დამწყდა გული,  უკან დავბრუნდი  და მესამეჯერაც შევხვდი. 
მაშინ  ეტყობა, ძალიან  ახლოს  ჩავუარე და გვერდი  რომ უნდა ამევლო, გამაჩერა და გულზე ხელი დამადო  და მეუბნება:  შენო რაღაც ნაცნობი სახე გაქვსო.
დაბნეულმა ლუღ-ლუღი დავიწყე, ნაცნობი თქვენ ხართ,  ყველას საყვარელი პოეტი,  მიხარია, რომ გხედავთ და აგერ „კრუგებს“ გირტყამთ-მეთქი. „კრუგებს“ არ უნდა თქვაო, წრეო, მარა მაცალე ჯერ ცოტაო… დაბნევა-უხერხულობა რომ შემატყო, აგრძელებს – ეტყობა შენ ლექსებს წერო.   მე რა ლექსებს ვწერ, ლექსებს თქვენ წერთ,  – ვეუბნები, ხალხის საყვარელი პოეტი ხართ!   – საუბარშიც წრეზე წავედი. კიდევ, სანამ კიდევ რამეს ვიტყოდი,  შემაჩერა, პოეტი იმას უყვარს, ლექსი იმას უყვარს, ვინც თვითონ ლექსს წერსო, ხოდა შენი ლექსი წამიკითხეო. უარი როგორ მეთქვა, გავბედე და  მაშინ ახალი დაწერილი მქონდა, ,,ალბათ სიყვარული ამფერია“, რაც ლექსების წიგნის სათაურადაც მაქვს,  აქაც გეტყვით…

,,ნეტა რაფერია ეს თვალები, ალბათ შემოდგომის ნაფერია,
ნეტა საით ქრიან ეს ქარები, ნეტა სიყვარული რაფერია.
განა ბევრი არის შენფერები,  გულში მონატრების ნამქერია,
დავდივარ  ყველაფერს ვეფერები,  ალბათ სიყვარული ამფერია“.

ყურადღებით მომისმინა, ასე მგონია, ღვინოს რომ დააგემოვნებენ, რაჭულ ხვანჭკარას, ისე დააგემოვნა და იგივე კიდევ ერთხელ წამიკითხეო. უარს როგორ ვაკადრებდი, წავიკითხე ერთხელაც.  მერე   რა დროს შენი შემოდგომააო,  – მეუბნება, – შემოდგომა და ზამთარი მე უნდა ვთქვაო.  ბატონო მურმან, შემოდგომაზე რომ ბევრი ფერებია, ის ვიგულისხმე-მეთქი და ამ დროს მოვიდა ვიღაცა,  გადაეხვია და   წამართვა,  მაგრამ მე დამრჩა ასე თბილი მოგონება.   მიხარია, რომ  შარშან ონში ჩატარებულ მურმან  ლებანიძის სახელობის  კონკურსში ,,ლიხს იქეთ და ლიხს აქეთ“  ჟიურიმ ჩემი  ლექსიც დააფასა და წიგნში მოხვდა.
ჰობი?
– მეგობრებთან ყოფნა, ფეხბურთი,  კარგი ფილმის ყურება, კარგი მუსიკის მოსმენა,  მოგზაურობა, სიმღერა.
ბედმა გამიღიმა და   ორჯერ ვიყავი ,,ცოცხალი წიგნების“ პროექტში –  მადლობა პროექტის ხელმძღვანელს, ქალბატონ ქეთევან დუმბაძეს და  კოორდინატორს, ქალბატონ  მარიამ წიკლაურს.
ერთხელ  ზემო-იმერეთი, რაჭა,  ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი მოვიარეთ და მეორედ გურია. ფესტივალმა „ზე-კართან“, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტში რეჟისორ ვახტანგ ბერიძის ინიციატივით ტარდება,  აჭარის  მთები მომატარა,    მარათონმა ,,თუთამ“ – სამეგრელო.
საოცარი ქვეყანა გვაქვს და საოცარი წინაპრები გვყავდა: მათი დამსახურებაა,  ,,ძლევაი საკვირველი“ , მათი  დამსახურებაა, რომ  ამ ქვეყანას დღესაც საქართველო ჰქვია, ქართულად ვლაპარაკობთ,  ულამაზესი,  ვაზის ლერწივით დაწნული ასოებით ვწერთ,  ვმღერივართ,   ვცეკვავთ.   ახლა კი უცხო არ მოუვლის ჩვენს ქვეყანას, ჩვენ უნდა  მოვუაროთ  მის  ყველა გოჯსა და  მტკაველს  და  უნდა გვჯეროდეს, ახალ-ახალი დიდგორები გვაქვს მოსაგები.
აქვე   მინდა მადლობა ვუთხრა ქალბატონ მანანა დუმბაძეს,  ცოცხალი  ,,წიგნების პროექტში“  ერთად  მოგვიწია  ყოფნა და თავისუფალ დროს   ლეონარდ კოენის დაწერილ სიმღერა-ლოცვას ,,ალილუიას“ მასწავლიდა.  სამიანიც  მივიღე, მეგონა, ხუთბალიანი სისტემით, როგორც აღმოჩნდა, ასბალიანი ყოფილა…  ისიც  მინდა გავიხსენო,  ტყიბულში ვართ, ლიტერატურულ კაფეში,  მოდიან  და მოდიან ჩემთან, სურათების გადაღება უნდათ.  ვახ, –  მიხარია, – რა პოპულარული გავხდი!  თურმე ქალბატონ მანანას გვერდით ვდგავარ. 
აქვე მადლობა  –  ნინო გუგეშაშვილს, რაჭველ ქალბატონს, შესანიშნავ მომღერალსა და ლიტერატორს, ის გურულ სიმღერას მასწავლიდა:  ,,სამი ძმანის“  ამბავი  ხომ იცით?  ანუ გამოვიდა, რომ  გურული მასწავლიდა ინგლისურს, რაჭველი  გურულს  –  მე დიდად ვერაფერი ვისწავლე, სამაგიეროდ, მასწავლებლებით ვამაყობ.
ერთსაც  გავიხსენებ, ლენტეხში ვართ, საოჯახო სასტუმროში. პოეტ გივი ჩიღვინაძესთან ერთად   ვარ ოთახში და  დილით ექვს საათზე მეღვიძება –   ბატონი გივი არ არის. ვფიქრობ, დასჭირდა ადამიანს რაიმე  და შემოვა.   გახდა შვიდი, არ ჩანს, ტელეფონის ზარიც არ გადის.  უკვე ვნერვიულობ,  გახდა  რვა,  სხვებმაც გაიღვიძეს,  აივანზე გავდივარ, ბატონ გივის გარდა ყველანი იქ არიან.  ვეუბნები პროექტის მონაწილეებს,  რომ კაცი გაქრა,  არ ჩანს,  ალბათ დროა, განგაში ავტეხოთ    და  ბატონი გივი რეკავს.  მხედავთ?  –  მეუბნება.   –  სად ხართ? –  ვპასუხობ,   ამოვისუნთქე ცოტა. –  მთის წვერზე ვარ, ციხესთან!   –  ირგვლივ სულ მთები და ციხეებია, ბატონი გივი კი არსადაა, ერთგან თითქოს ლანდად ჩანს რაღაც.  –  თქვენ გვხედავთ? –  ვეუბნები.  –   მე ვერა, მპასუხობს ის, მაგრამ აი,  მოსასხამს ვიქნევ!
კაცი დილით, უთენიაზე ამდგარა,  მთაზე ასულა,  ეს წესით უნდა დაინახო. – გხედავთ, გხედავთ!  – ვპასუხობთ ჩვენ,  არადა  თურმე, საერთოდ,  სხვა მთისკენ ვიყურებოდით.
ოჯახი, მეუღლე…
– მეუღლე  გურანდა ქარდავა,   მათემატიკის სერტიფიცირებული პედაგოგია, მე – ფიზიკის, მოკლედ, სერტიფიცირებული ოჯახი გვაქვს.  მადლობა ჩემს მეუღლეს, რომ მიძლებს.  აფხაზეთიდანაა, სოხუმის ახლოს მდებარე სოფელ შრომადან… სიდედრი  აფხაზია,  ვალენტინა გვარამია,  აფხაზი მოყვრები მყავს. ჩემი წილი  აფხაზეთი სიყვარულით  შემოვიერთე-მეთქი, –   ვამბობ.  ზემოთ ნათლიაზე ვისაუბრე, ლაშა თევზაძეზე, რომელიც კლასელიცაა და მამიდაშვილიც, იმას მეუღლე ოსეთიდან ჰყავს, ძალიან კარგი ქალბატონი, მანანა კოზაევი, ასე, სიყვარულით  ვამთლიანებთ  საქართველოს.
– ლექსების კრებულიც გამოეცით… ერთი ლექსი დაგვიწერე ჩვენი მკითხველისთვის…

ჩემი გურია

სოფლის შარამ გამარჯობა მითხრა,
მე  მოკლეზე ავედევნე ჭანჭრობს,
ხეებს დარდი შეპარვიათ ყვითლად      
და ქვევრებში შემოდგომა  მაჭრობს.
და ჩამესმის მოლაღურის სტვენა,
და გურული კრიმანჭული ლაღი,
აქ ვერ ივლი თუ არ იცი ფრენა,
თითქოს ზეცას ახდიაო თაღი.
წყალს მოსთხოვ და გამოგიტანს ჭაჭას,
გულს გაგიშლის მასპინძელი სუფრად,
წამოხვალ და თითქოს სითბოდ  დაგრჩა,
სამოთხეში ვიყავიო  სტუმრად.

– როგორ ფიქრობთ, რა არის დღევანდელი საქართველოს პირველი სატკივარი?
– – სატკივარი ტაო-კლარჯეთი, საინგილო, სულ ახლახან ოკუპირებული აფხაზეთი და სამაჩაბლოა: სატკივარი ფუტკრის სკებსავით ჩაწყობილი ძირძველი ქართული მიწებიდან ძალად აყრილი ქართული ოჯახებია: სატკივარია უამრავი ნასახლარი, რომელიც უხვად გვხვდებოდა, როცა ,,ცოცხალ წიგნებთან“ ერთად სოფელ-სოფელ დავეხეტებოდით; სატკივარია, ახლახან რომ ხანძრები გაჩნდა და ქართველები სელფს რომ იღებდნენ ამ ხანძრების ფონზე, ან რეპორტაჟს აკეთებდნენ და უი, რა გვეშველება, ჩაგვივარდა გადაცემა, ცეცხლი ჩაუქრიათო.
სატკივარი უამრავი ოჯახს მოცილებული ქართველია, რომელმაც სამუშაო თავის სამშობლოში ვერ ჰპოვა და უცხოეთში ეძებს შველას. აქვე მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ პაატა იოსებაშვილს, ქართველი ებრაელს, რომელიც ახლა ისრაელშია, მაგრამ საქართველოს არ ივიწყებს, ქართველ ემიგრანტებსაც ეხმარება და საქართველოში გამართული კულტურული ღონისძიებების ხშირი სპონსორია.
– სამომავლო გეგმები…
– ახლა  ვმუშაობ  წიგნზე, რომელიც შარშან საფრანგეთში გამართულ  „ეურო 2016“-ის  პერიპეტიებს ეძღვნება.  ისე გამოვიდა, რომ ყოველი მატჩის სპორტულ-ლიტერატურულ ანალიზს ვდებდი ფეისბუქის გვერდზე და გურულმა კარგმა კაცმა, ნუგზარ ჩხიკვაძემ შემომთავაზა, წიგნად გამოგვეცა ის შთაბეჭდილებები,  ალბათ სექტემბერში  გამოვა.
მაქვს დაუბეჭდავი  ნოველები, რომელიც საკმარისია ახალი წიგნისთვის, ვნახოთ, თუ დაინტერესდება რომელიმე გამომცემლობა. ვწერ ახალ ნოველას, რა ვიცი, რა გამოვა, ვნახოთ,   მეც მაინტერესებს!
– და ბოლოს,  მოთხრობები იუმორით და სიკეთით არის გაჯერებული…  საიდან მოდის ეს იუმორი?
– იუმორი უფრო გურიიდან დამყვა, იქ  ცხოვრებას ღიმილით უყურებენ,  შეიძლება უჭირთ, მაგრამ,  უკან არ იხევენ, არ მარცხდებიან, თუმცა გურულს რომ ჰკითხო,  –  რაფერ ხარ, ძამაო,  –  ეუჰ, აი რა გამახსენეო, გიპასუხებს, მაგრამ  ღიმილით გეტყვის ამას, ცხვირს არ ჩამოუშვებს.
ზემოთ ,,ცოცხალ წიგნებზე“ უკვე ვისაუბრე. ჰოდა, გურიაშიც მოგვიწია ყოფნა და ისეთ ამბებს გვიყვებოდნენ, სკამზე ძლივს ვიმაგრებდით თავს…  გარდა იმისა, რომ იუმორი უყვართ,  აქ საოცრად კეთილი ადამიანები სახლობენ, მახსოვს, თბილისში რომ მოვდიოდი  უმაღლესში ბედის  საცდელად,   მეზობლები,  – ზოგი ჩურჩხელებს,  ზოგი  ფულს მჩუქნიდნენ, შეიძლება ბევრს არა,  მაგრამ ამით განუზომელ   სიკეთეს მატანდნენ საგზლად,  ჰოდა, აქედანაც  ვეუბნები  მადლობას ჩემს სოფელს, ჩემს გურიას.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები