„ბერლინ კონცერტჰაუსში“ გიორგი მიქაძის, ლიზი რამიშვილისა და ანსამბლ „ბასიანის“ ტრიოს კონცერტი გაიმართება

29 აგვისტოს, „გერმანია საქართველოს წლის“ ფარგლებში, „ბერლინ კონცერტჰაუსში“ მსოფლიოში აღიარებული ქართველი მუსიკოსების – გიორგი მიქაძის, ლიზი რამიშვილისა და ანსამბლ „ბასიანის“ ტრიოს კონცერტი: „KLASSIC MEETS JAZZ“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონცერტი ექსკლუზიურად შესრულდება პროექტ „GEORGIAN OVERTONES”-ის ფარგლებში, რომლის მუსიკალური ხელმძღვანელია პიანისტი და კომპოზიტორი გიორგი მიქაძე.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, დღეს კულტურის სამინისტროში  პრესკონფერენცია ჩატარდა. ღონისძიებას უძღვებოდნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი, პიანისტი გიორგი მიქაძე, ანსამბლ „ბასიანის“ დირექტორი ზურაბ წკრიალაშვილი და გერმანიაში საქართველოს კულტურის ატაშე რუსუდან (დუდანა) მაზმანიშვილი.

კონცერტში მონაწილეობენ: აღიარებული შვედი ტრომბონისტი, მომღერალი და პროდიუსერი ნილს ლანდგრენი, ცნობილი პიანისტი და კომპოზიტორი გიორგი მიქაძე, ახალგაზრდა ვირტუოზი ჩელისტი ლიზი რამიშვილი და საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის“ ტრიო – სერგო ურუშაძის, პაატა ცეცხლაძისა და ზურაბ წკრიალაშვილის შემადგენლობით, ასევე ბიორნ ანფინსენი (საყვირი), ელენ ანდრეა ვანგი (კონტრაბასი) და ევა კლესი (დასარტყამი ინსტრუმენტები).

აღნიშნული ღონისძიება იმართება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალ „Young Euro Classic“-ის ფარგლებში, რომელიც თავისი მნიშვნელობით ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული მუსიკალური ღონისძიებაა.

აღსანიშნავია, რომ 29 აგვისტოს ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზ „ბერლინ კონცერტჰაუსში“ გამართული კონცერტი, წარმატებული ქართველი და გერმანელი მუსიკოსების მონაწილეობით, პირდაპირი ეთერით გადაიცემა ევროპული კულტურის ფრანგულ-გერმანული ტელეარხ ARTE-ს მეშვეობით.

29 აგვისტოს ფესტივალ „Young Euro Classic“-ის, ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი “GEORGIAN OVERTONES” ტარდება საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში.

პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ხოლო ორგანიზატორი საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები