ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის გამავლობაში მიმდინარეობდა

ბორჯომის რაიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის გამავლობაში მიმდინარეობდა.
როგორც „კვირას“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს, ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული იყო რამდენიმე ათეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა 300 -ზე მეტი მეხანძრე, 120 მეტყევე, გარემოს დაცვის, ინფრასტუქტურის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სტრუქტურების წარმომადგნელები.
გაიჭრა დამატებით 3 კილომეტრიანი გზა არჯევანის ტყიდან ხანძრის მიმართულებით თროთის მთამდე. შემთხვევის ადგილზე დილიდან მუშაობს 3 ვერტმფრენი. რამდენიმე საათში სამაშველო სამუშაოებს თურქეთის რესპუბლიკიდან დამატებითი ვერმფრენი შემოუერთდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგანგებო შტაბის წევრებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე რჩება. შტაბი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ხელმძღვანელობით 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
შეგახსნებთ, რომ ხანძრის კერა 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გადამწვარი ტყის ფართობზე – 2014-2017 წელს აღდგენილ ტერიტორიებსა და 2008 წლის ხანძარს გადარჩენილი ტყის მასივს შორის არსებულ ფართობზე წარმოიშვა. ცეცხლის სწრაფად გავრცელება ძლიერმა ქარმა, რთულმა რელიეფურმა პირობებმა და ტერიტორიაზე არსებულმა ნახანძრალი მცენარეების, ბუჩქებისა და ბალახის სწრაფმა წვამ განაპირობა.
ტერიტორიაზე 2008 წლის ნახანძრალი ხე-ტყის არსებობა განპირობებულია ფართობის სპეციფიური მდგომარეობით (მაღალი დახრილობის ფერდობები) და ტყის აღდგენის სამუშაოების წარმოებისას აღნიშნული ხე-ტყე გამოიყენება ეროზიასაწინააღმდეგო ბარიერების მოსაწყობად. რთული სამუშაო პირობების მიუხედავად, მეხანძრე-მაშველების კვალიფიციური და დროული ქმედების, ასევე მთელი ღამის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შედეგად მოხერხდა საფრთხის შერბილება და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის ცეცხლის კერამდე აყვანა. ხანძრის სრულად ჩაქრობის შემდეგ სატყეო სააგენტოს თანამშრომლები ტერიტორიაზე მორიგეობას რამდემინე დღის განმავლობაში გააგრძელებენ.
ხანძრის სრულად ლიკვიდაციის შემდეგ დაიწყება ტერიტორიის დეტალური შესწავლაც, რომლის დროსაც დაზუსტდება გარემოზე მიყენებული ზიანი და დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ ცეცხლით მოცული ტერიტორია წარმოადგენს საპროექტო ფართობს და მასზე ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება მიმდინარე წლის საშემოდგომო სეზონზე იგეგმებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები