დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო

 ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტისა და ლიტერატორის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმში, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მდებარეობს, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოსა და კულტურის სამინისტროს სპეციალისტებმა შეიმუშავეს.
როგორც „კვირას“ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში განუცხადეს, პირველი ეტაპი შენობის ნაწილის დემონტაჟს მოიცავს. სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება კი 763 107 ლარს შეადგენს. სამუშაოები ხაშურის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ნაგებობა XIX საუკუნის 60-იანი წლებით თარიღდება, თავდაპირველად დიმიტრი ყიფიანის სააგარაკო სახლს წარმოადგენდა, სადაც ის სტავროპოლში გადასახლებამდე ცხოვრობდა. შენობა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სტატუსს 1990 წლიდან ატარებს. აქ მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული დოკუმენტური მასალა, გამოცემები, ხელნაწერები, წერილები, ფოტოები, აგრეთვე ყოფის ამსახველი და ეთნოგრაფიული ნივთები ინახება.
სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები  გეგმის მიხედვით, 2018 წლის ივლისში უნდა დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები