საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობისა და სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე განაცხადა, შუა დერეფანს აქვს გაფართოების პოტენციალი და ამ მარშრუტის განსავითარებლად აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევის გააქტიურება.
აღინიშნა, რომ ტრადიციული მეგობრობა, რომელიც ორ ქვეყანას წლებია აკავშირებს სხვადასხვა სფეროებში, საჭიროებს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის ხელმოწერას.
მიხეილ ყაველაშვილმა ყაზახეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ყაზახეთის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევს ახალი კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებული რეფერენდუმის წარმატებით ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ უფრო განამტკიცებს სახელმწიფოებრიობას, ინსტიტუტების ეფექტიანობას და მისი ლიდერობით ხელს შეუწყობს მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში რეგიონული ეკოლოგიური სამიტის ფარგლებში იმყოფება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი.