„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს 4 ქართული ფილმი იბრძოლებს

ამერიკის კინოაკადემიამ ტრადიციულად თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს, შეერჩია 2017 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან „ოსკარის“ ნომინაციისთვის – საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.
2 აგვისტოს ეროვნულმა კინოცენტრმა განაცხადების მიღება დაიწყო, რომელიც 11 აგვისტოს დასრულდა. როგორც „კვრიას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, ამერიკის კინოაკადემიის მოთხოვნების გათვალისწინებით, სულ შევიდა 4 განაცხადი. შესაბამისად, „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 4 ქართული ფილმი იბრძოლებს:
„ჩემი ბედნიერი ოჯახი” (რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი)
„მძევლები” (რეჟისორი: რეზო გიგინეიშვილი)
„საშიში დედა” (რეჟისორი: ანა ურუშაძე)
„ლუკა” (რეჟისორი: გიორგი ბარაბაძე)
რამდენიმე დღეში ეროვნული კინოცენტრი სპეციალური კომისიის წევრებს დაასახელებს, რომელთაც ფარული კენჭისყრის საფუძველზე საქართველოდან გამარჯვებული ფილმი უნდა გამოავლინონ. შერჩეული 4 ქართული ფილმის ჩვენება კომისიის წევრებისთვის 29-30 აგვისტოს მოეწყობა.
ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 90-ე საიუბილეო ცერემონიალი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან კინოღონისძიებად ითვლება, 2018 წლის 4 მარტს ლოს – ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები