„ოც ქვეყანას გავაგებინეთ, რომ საქართველოდან ვიყავით“… (ფოტოკოლაჟი)

ქართული ჰიმნით გახსნა ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ,,Moonlight” იტალიის ქალაქ რიმინიში ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა. ფესტივალში მონაწილე ოცამდე ქვეყნიდან ჯილდო მხოლოდ შვიდ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს გადაეცა.
ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა ნატალია პატარიძემ ფესტივალი აგვისტოს მოვლენებს დაუკავშირა და მსოფლიოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყანა გაახსენა. ფესტივალზე მოსწავლეები მაყურებელთა წინაშე მაისურებით წარდგნენ წარწერით: ,,მე საქართველოდან ვარ და ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ”.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფესტივალი, რადგან დღეს, დანარჩენ ოც ქვეყანას გავაგებინეთ, რომ  საქართველოდან ვიყავით და ჩვენი ქვეყანა რუსეთის მიერაა ოკუპირებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ფესტივალში მონაწილეობდა რუსეთიც. ამიტომ, ბუნებრივია, ეს მესიჯი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენი ქვეყნის პეიზაჟების, ეთნოგრაფიის და ფოლკლორული მოტივების ფონზე გაგვეგზავნა სხვა ქვეყნებისთვის”, – განმარტავს ნატალია პატარიძე.
ფესტივალში ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო, საბალეტო, ვოკალური და მედიის დეპარტამენტები მონაწილეობდნენ. სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ ეროვნულ მოტივებზე დაფუძნებულმა ნამუშევრებმა მნახველების დიდი მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია ისიც, რომ უცხოელებმა გამოფენაზე წარმოდგენილი ნახატებიდან რამდენიმეს შესყიდვაც მოითხოვეს.
უდიდესი ოვაციები გამოიწვია პატარა ვოკალისტების შესრულებამ, რომლებმაც მსოფლიოს ქართული სიმღერები შესთავაზეს.
ექვსიდან რვა წლამდე ბავშვებით დაკომპლექტებულმა ქუთაისის საბალეტო სკოლამ კონკურენცია წარმატებით დაძლია და საუკეთესოდ წარდგა ქვეყნისათვის საერთაშორისო დონის ფესტივალზე.
ფესტივალზე ასევე მუშაობდა ქუთაისის მედიასკოლა, რომელსაც ფესტივალის ფარგლებში სპეციალური პრიზი გადაეცა.
ფესტივალი „Moonlight“ უკვე რვა წელია გამოდის საერთაშორისო ასპარეზზე.  ფესტივალის ორგანიზატორის მილოშ სვეტიკის თქმით, „ფესტივალი მნიშვნელოვანია თითოეული ქვეყნის ფოლკლორისა და ტრადიციების მსოფლიო ქსელში გასატანად. გლობალიზაცია იქცევს ისტორიას და თითოეული ქვეყნის ტრადიციებს. ეს მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ ვაჩვენოთ ერთმანეთს, ვინ ვართ, ვინ ვიყავით და საიდან მოვედით. თუ შენ არ იცი შენი ქვეყნის ისტორია, მაშინ შენ არ იცი მისი მომავალი“.
მონაწილე ქვეყნების შერჩევა რამდენიმე კრიტერიუმით ხდება, მათ უნდა დააკმაყოფილონ გუნდის რაოდენობა და ნომრების პროფესიონალიზმი, რაც უნდა შეესაბამებოდეს ფესტივალის დონეს.

   
  

                      

  

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები