პარიზში ნიკა ქურდაძის ფილმის გადაღება დასრულდა – წინ კანის, ვენისა და ბერლინის ფესტივალებია

0

გაზეთ „შანსის“ რედაქტორი ბონდო ქურდაძე, რომელიც ამჟამად ოჯახით საფრანგეთში ცხოვრობს, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს ავრცელებს. ფრანგულ ინტერნეტგაზეთში -„OUEST FRANCE“ გამოქვეყნდა წერილი ბონდო ქურდაძის შვილის – ნიკა ქურდაძის ახალი ფილმის შესახებ. გაზეთის ცნობით, მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სადღაც ციხეში“, რომელსაც ქართველები იღებენ,   წარდგენილი იქნება კანის, ვენისა და ბერლინის ფესტივალებზე 2018 წლის ზამთარში.
„გუშინ, ნაშუაღამევს, პარიზის ერთ-ერთ პავილიონში, ჩემი ბიჭის, ნიკა ქურდაძის ფილმის – „სადღაც ციხეში“ გადაღება დასრულდა და შამპანურიც აფეთქდა, ისე, გემს რომ უშვებენ ხოლმე, ზღვაში… ღმერთმა ქნას, ამ ფილმსაც გადაესეროს მსოფლიო ოკეანე, და წარმატებები მოეტანოს ქართულ-ფრანგული გადამღები ჯგუფისთვის… ეს არ არის ედმონდ დანტესის გაქცევა ციხე იფიდან მიცვალებულის ტომრით, სასოწარკვეთილი მხატვარი, პირქუშ ციხის კედლებსა და დაუნდობელ ზედამხედველებს სასწაულებრივ დაუსხლტება, თვით გრაფ მონტე კრისტოზე უკეთ, მსახიობი ზურა პირველი, რომელიც ამ როლისთვის პოლონეთიდანა იყო მოწვეული, თავისი გმირის ნახატში შევა… როგორ, ამას კანის, ვენისა და ბერლინის ფესტივალის შემდეგ შეიტყობთ…
გთავაზობთ ამონარიდს ფრანგული ინტერნეტგაზეთიდან -„OUEST FRANCE“:
„სანტ კადოს მკვიდრთ ძალიან აინტერესებთ, თუ რატომ შეიღება ნიჩან გუერის სახლის დარაბები სისხლის ფრად, ეს ყველაფერი კი, რეჟისორ ნიკა ქურდაძის ფილმის გადაღების გამოა. სანტ კადოს ერთ-ერთი ეპიზოდი გუშინ გათამაშდა, სცენარი ეხება მხატვარს, რომელიც მეოცე საუკუნის ტოტალური რეჟიმის მსხვერპლია, მთავარ როლს, პატიმარ მხატვარს, ცნობილი ქართველი მსახიობი, ზურაბ პირველი თამაშობს – გვამცნობს დავით ჯავახიშვილი, გადამღები ჯგუფის წარმომადგენელი.
ეს ჯგუფი კი, უმთავრესად ქართველებისგან შედგება, ნიჩან გუერის  (პატარა კუნძული, რომელზეც სახლი დგას) გადაღებული სცენა ასახავს, თუ როგორ უჩინარდება ზედამხედველისგან ნაწამები მხატვარი ციხიდან, თავისივე ნახატში… მოკლემეტრაჟიანი ფილმი წარდგენილი იქნება კანის, ვენისა და ბერლინის ფესტივალებზე 2018 წლის ზამთარში… რეჟისორი ინტერნეტით ეძებდა ფილმისთვის, ლამაზ იზოლირებულ სახლს და სანტ კადოზე შეაჩერა არჩევანი, – ამბობს დავით ჯავახიშვილი… სახლის დარაბები თავის ჩვეულებრივ ცისფერ ფერს მალე დაიბრუნებს…“ – წერს ბონდო ქურდაძე ფეისბუქში.

 

 

კომენტარები

კომენტარი