ლიტერატურული კონკურსი: „მოდინახე – 2017“ წარმატებით დასრულდა

0

ლიტერატურული კონკურსის „მოდინახეს“ მონაწილეებს საჩხერემ, სხვიტორის აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმმა უმასპინძლა. 
13 აგვისტოს გამოვლინდა 3 გამარჯვებული, მათ, შესაბამისად, გადაეცათ 500, 300, და 200 ლარის ოდენობის ფულადი პრემიები.
როგორც „კვირას“ კონკურსის ავტორმა და ორგანიზატორმა როლანდ ხოჯანაშვილმა განუცხადა, „მოდინახეს“ მხოლოდ 4 წლის ისტორია აქვს, თუმცა მას თავისი ნიშა უკვე დაიკავა კულტურულ ცხოვრებაში.

– წელს რა სიახლეები იყო, წინა კონკურსებთან შედარებით?
– დავიწყებ იმით, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ მიმდინარე წელსაც თავის თავზე აიღო კონკურსის სრულად დაფინანსება და თითქმის უხარვეზოდ დასრულდა. გასულ წლებთან შედარებით, გვქონდა რამდენიმე სიახლე, რომელიც კონკურსს კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის. კერძოდ, წელს საფინალო 10 ლექსის პირველად გადარჩევაში ფილოლოგიის მეცნიერებათ დოქტორი, ლექსმცოდნე თამარ წოწორია მონაწილეობდა.
აღნიშნული ლექსები, ავტორების მითითების გარეშე, გადაეგზავნათ ჟიურის წევრებს და მათ შეაფასეს 10- ბალიანი სისტემით. პირველი სამი საპრიზო ადგილი გადაინაწილეს – ვასილ ბესელიამ, ნინო მშვიდობაძემ და ნინო მოდრეკილაძემ.
ყველა ფინალისტმა მიიღო სასაჩუქრე პაკეტები კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსაგან, ასევე ე.წ. სიმპათიის პრიზები მიიღეს: ვასილ ბესელიამ პროექტის ინკოგნიტო მეგობრისაგან, ლიკა ყიფშიძემ – დავით აღმაშენებლის აკადემიისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისაგან, გიგა ვეფხვაძემ – ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლისაგან, ემიგრანტმა ფინალისტმა შორენა პაპიძემ – ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატისაგან.
უნდა აღინიშნოს პროექტის გამართულობაში წვლილის შეტანისათვის არაერთი პირის დამსახურება. ვფიქრობ, ამ კონკურსმა დამსახურებულად შეინარჩუნა თავისი იმიჯი, გაიმრავალფეროვნა მხარდამჭერების სპექტრი, თუმცა, არ შეიძლება არ ვთქვათ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერის გარეშე ეს პროექტი ვერ იარსებებს. აკაკი წერეთლის მუზეუმის თანამშრომელთაგან ორმა, კლარა მაჭარაშვილმა და ლეილა ზაბახიძემ მოგვაწოდეს იდეა, რომ მომავალ წლებში, ტრადიციულად, სხვიტორში აკაკის დაბადების დღეს გაიმართოს „მოდინახე“. უკვე ვფიქრობ კონკურსის სათანადო მოდერნიზაციაზე, ასევე – დასახვეწია ბევრი დეტალი.
მჯერა, რომ მომავალ წელს გაცილებით დახვეწილ ლიტერატურულ ღონისძიებას შევთავაზებთ სიტყვიერების მოყვარულებსა და პოეტებს…
ვასილ ბესელია: „არ შემიძლია, არ ვთქვა, თუ რამდენად სასიხარულო აღმოჩნდა ჩემთვის წლევანდელი „მოდინახე“. ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ გამარჯვება არ უხაროდეს, ისიც იმ შემთხვევაში, როცა კონკურსი აკაკი წერეთლის სახელს უკავშირდება.
ძალიან კარგი პრეცედენტია, როცა ბიზნესთან ერთად ასეთ ღონისძიებას მხარს უჭერენ სახელმწიფო სტრუქტურები და ფიზიკური პირები. დიდად გახარებული ვტოვებ იმერეთს და წარმატებებს ვუსურვებ აღნიშნულ კონკურსს. გარდა იმისა, რომ პირველი პრიზის მფლობელი გავხდი, გადმომეცა ინკოგნიტო მხარდამჭერისგან პრიზი. მინდა მასაც მადლობა გამოვუცხადო“.

  

 

    

 

კომენტარები

კომენტარი