ირმა ნიორაძე სიყვარულს ამგვარად უბრუნებს საქართველოს 

დღეს Black Sea Arena-ზე  ირმა ნიორაძის და მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავების კონცერტს – „ვუძღვნი ვახტანგ ჭაბუკიანს“  – ჟურნალისტი გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან გამოეხმაურა. ამ წერილს უცვლელად გთავაზობთ: 

შეკვეთილში, Black Sea Arena 9 აგვისტოს, 19 საათზე, თავის ასპარეზს პირველად უთმობს მთლიანად საბალეტო ხელოვნებას. ’’ირმა ნიორაძე და მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები’’– ასე ჰქვია გალაკონცერტს, რომელიც გამოჩენილი ქართველი მოცეკვავის, სანკტ–პეტერბურგის მარინსკის თეატრის პრიმა–ბალერინა ირმა ნიორაძის სამხატვრო ხელმძღვანელობით გაიმართება. გალა–კონცერტის დამდგმელი რეჟისორი გახლავთ ყოფილი მოცეკვავე ანდრის ლიეპა, ვისაც მსოფლიოს წამყვან სცენებზე ამგვარი კონცერტების დადგმის საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვს და ფართო აუდიტორია არაერთხელ უქცევია საბალეტო დღესასწაულების მოწმედ.

ირმა ნიორაძე ამ საღამოს თავის პედაგოგს, მსოფლიო ბალეტის რეფორმატორს, ლეგენდარულ ვახტანგ ჭაბუკიანს უძღვნის. მადლიერი მოწაფე ასე უბრუნებს სიყვარულს თავის მოძღვარს და საქართველოს, ქვეყანას, რომლის წილი მსოფლიო ქორეოგრაფიის ისტორიაში დღესაც ანგარიშგასაწევი და საჩინოა. ირმამ საფრანგეთის ქალაქ კანის ფესტივალების სასახლეში შარშან და წლეულს, ივლისის თვეში „ასკანელი არტის“ მხარდაჭერით ზედიზედ გამართა საბალეტო გალაკონცერტები სახელწოდებით: ’’Viva Maia in Cannes’’, რომელიც საბალეტო ხელოვნების მეგა–ვარსკვლავს მაია პლისეცკაიას მიუძღვნა.

მართლაც შეუცნობელი რამაა ბედისწერა, როცა მაია პლისეცკაის ყველაზე დიდი კრიზისი დაუდგა გასული საუკუნის 50-იან წლებში და მან ცეკვის მიტოვებაც კი გადაწყვიტა, მას მხსნელად მოევლინა ვახტანგ ჭაბუკიანი. მან დიდი თეატრისგან შერისხული პლისეცკაია თბილისის საბალეტო დასში მოიწვია. მაია პლისეცკაია ასეც წერს თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში, რომ იგი ვახტანგ ჭაბუკიანმა შეუნარჩუნა ბალეტის სამყაროს.

და ახალაც, 70 წლის მერე უზარმაზარი რუსეთიდან ვერავინ მოიფიქრა პლისეცკაიასთვის საკადრისი პატივგება. ისევ ქართველმა ირმა ნიორაძემ დააწესა მისი სახელობის პრიზი. სიცოცხლეშიც და სიცოცხლის შემდეგაც ის ქართველებმა დააფასეს ყველაზე მეტად და ესეც უსვამს ხაზს, თუ როგორია ქართველის ესთეტიკური აღქმა. ის ქედს უხრის ზებუნებრივ ნიჭს და ასე იოლად ვერ ივიწყებს მათ, ვინც ეპოქებს ქმნიან ხელოვნებაში. ასეთი უნიკალურ მოვლენებთან გვაქვს საქმე ჭაბუკიანის და პლისეცკაიას შემთხვევაში. ორივე მათგანი ახლა ამ სახით აგრძელებს სიცოცხლეს შთამომავლობის ხსოვნაში და მართლაც მშვენიერი და ამაღლებულია გაუკვდავების ამგვარი სახეობა…

ვახტანგ ჭაბუკიანისადმი მიძღვნილ გალაკონცერტში მსოფლიო ბალეტის წამყვანი ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას, ესენი გახლავთ: სერხიო ბერნალი, ილზე ლიეპა, იაკოპო ტისი, ადიმხან ბახტიარი, მადინა ბასბაევა, ეკატერინა ბორნენკო, ივან ზაიცევი, იონა აკოსტა, ალიონა კოვალევა, ეკატერინა პერვუშინა, მიხაილ ლობუხინი, მარინა იაკოვლევა, იაკობ ფეიფერლიკი, ლაურეტა სამერსკეილი. გალაში საგანგებო მოწვევით მონაწილეობას მიიღებს ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.

კლასიკური ბალეტის ვარსკვლავი ირმა ნიორაძე, რომელიც ამ დასის უდიდესი დამფასებელი იყო იმთავითვე, ამჯერად სრულიად უჩვეულო ამპლუით წარსდგება მაყურებლის წინაშე. იგი თავის აღტაცებას ამ ლეგენდარული ანსამბლის მიმართ ცეკვა „მუხამბაზში“ სოლო პარტიის შეასრულებით გამოხატავს. ეს, მართლაც, ღირსსახსოვარი სანახაობა იქნება, რომლის საკუთარი თვალით ხილვის შესაძლებლობა მიეცემა Black Sea Arena–ს ფართო აუდიტორიას.

ამდენი ვარსკვლავის ნახვა ერთ საღამოს, მართლაც, იშვიათი ფუფუნებაა და ეს უდაოდ ემსახურება საბალეტო ხელოვნების, ამ მაღალი ჟანრის პოპულარიზაციას მაყურებელში. ბალანჩინის, ჭაბუკიანისა და გოგი ალექსიძის, ასევე ჩვენი ბრწყინვალე მოქმედი მოცეკვავეებისა და ბალეტმაისტერების ქვეყანა სწორედაც იმსახურებს ასეთი ყურადღებით განებივრებას.

ბოლოს კი, ხაზგასმული მადლიერებით უნდა აღინიშნოს „ასკანელი არტის“ (დამფუძნებელი გოჩა ჩხაიძე) მეცენატობა, რომლის გარეშეც ვერ შედგებოდა ცეკვის ეს საზაფხულო დღესასწაული. დაე, კიდევ ბევრ მეწარმესა და ფილანტროპს გასჩენოდეს ქართულ ხელოვნებაზე ასე გულწრფელად ზრუნვის სურვილი. უნდა იმრავლოს ასეთმა დამოკიდებულებამ, რადგან ეს სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენში სულიერების შენარჩუნებასა და გაძლიერებას. ჩვენ ამით ვართ მდიდრები და ეს მუდამ უპირველეს ქართულ პრიორიტეტად უნდა რჩებოდეს.

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები