ელის კუპერმა საკუჭნაოში 10 მილიონ დოლარად შეფასებული ენდი უორჰოლის ტილო იპოვა

ცნობილმა როკ-მუსიკოსმა, ელის კუპერმა საკუთარი სახლის საკუჭნაოში ამერიკელი მხატვრის, ავანგარდისტის, კინოხელოვანის, ენდი უორჰოლის ტილო იპოვა. ნახატი, სახელწოდებით „პატარა ელექტრონული სკამი“, დაახლოებით 40 წლის განმავლობაში, მის საგასტროლო აღჭურვილობასთან ერთად ინახებოდა. კუპერმა აღიარა, რომ ეს ნახატი დავიწყებული ჰქონდა. ცნობილმა მხატვარმა ტილო მას 1970 წელს აჩუქა.
„ეს როკ-ენ-როლის ეპოქა იყო. ჩვენს შორის ამაზე არავინ ფიქრობდა“, – განაცხადა პრესასთან კუპერის ყოფილმა მენეჯერმა, შეპ გორდონმა.
აღსანიშნავია, რომ უორჰოლის ნახატის კიდევ ერთი ვერსია 2014 წელს ნიუ-იორკში, „კრისტისაუქციონზე“ 10,5 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ბრიტანული გამოცემა “Guardian”-ი წერს, რომ კუპერის მიერ ახლახან აღმოჩენილი ტილო უორჰოლის სერიის – „სიკვდილი და სასოწარკვეთა“ ნაწილია. ნახატები თეატრის რეკვიზიტებთან ერთად, ერთ-ერთ მილში იყო გადახვეული და ისინი 1970 წელს იპოვეს. სწორედ ამ წელს გაიცნო კუპერმა უორჰოლი.
„ეს იყო ნარკოტიკების და სასმელის ეპოქა“, – იხსენებს შერ გორდონი გასულ წლებს.
მენეჯერის განცხადებით, მუსიკოსმა უორჰოლი ნიუ-იორკის ღამის კლუბ „Studio 54″-ში გაიცნო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კუპერი აშშ-ში მეგობარ გოგონასთან, სინდი ლანგთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად.
აღსანიშნავია, რომ ნახატის ადგილსამყოფელის შესახებ ელის კუპერმა დედისგან შეიტყო. სწორედ მან უთხრა მუსიკოსს, რომ ტილო შესაძლოა, ძველ საკუჭნაოში ყოფილიყო.
გორდონი “Guardian”-ს უყვება, რომ ნახატს ამერიკელი მუსიკოსის ოჯახის წევრები დაახლოებით ნახევარი წელი ეძებდნენ. ტილოს ნამდვილობა ექსპერტებმა უკვე დაადასტურეს.
„უნდა გენახათ ელისის სახე, როდესაც მას ექსპერტიზის შედეგების შესახებ შეატყობინეს. ის კინაღამ წაიქცა და მკითხა: კარგი და, ეს ჩემია, ხო?“, – იხსენებს გორდონი.
რაც შეეხება ენდი უორჰოლს, ის 1987 წელს გარდაიცვალა. გარდა იმისა, რომ ცნობილი მხატვარი იყო, მას ასევე იცნობენ, როგორც მწერალს და საზოგადო მოღვაწეს. იყო გამომცემელი, მუსიკის პროდიუსერი და მსახიობიც. უორჰოლის სახელს უკავშირებენ აშშ-ში 1950-იან წლებში მიმდინარეობა პოპ-არტის დაფუძნებას. ენდი უორჰოლი იყო პირველი მხატვარი, რომელმაც აღიარა ტრაფარეტული ბეჭდვის შემოქმედებითი პოტენციალი, რომელიც ადრე მხოლოდ სამრეწველო შეფუთვებზე გამოიყენებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები