მარტოხელა მამის ტრაგედია – “არსებობს ქალი, რომელმაც სამი ავადმყოფი ბავშვი დატოვა და სახლიდან გაიქცა”

43 წლის ბორის ჩაგუნავას, სულ ცოტა ხნის წინ, დიდი ტრაგედია დაატყდა თავს – მისი 6 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. აღმოჩნდა, რომ ბორის ჩაგუნავას კიდევ ორი შვილი დარჩა: ლუკას ტყუპისცალი – 6 წლის ლერი და 3 წლის საბა.
გარდაცვლილის მსგავსად, ორივე მცირეწლოვანს აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს, რაც ხშირად აგრესიულ ქცევასა და გაღიზიანებაში გამოიხატება. პატარებს მხოლოდ მამა ზრდის, თუ არ ჩავთვლით, რომ პერიოდულად, მათთან, დასახმარებლად, დადის ბებია (მამის დედა), – წერს გაზეთი “პრაიმტაიმი”.
მარტოხელა მამას ბავშვები კლინიკაში დაჰყავს. პატარები, თბილისის მერიის დაფინანსებით, კვირაში სამჯერ გეგმიურ სარეაბილიტაციო კურსს გადიან. აღმოჩნდა, რომ ნატა ხვედელიძემ – ბორის ჩაგუნავას მეუღლემ, სამი მცირეწლოვანი ბავშვი ლუკას გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მიატოვა. ბორის ჩაგუნავას თქმით, დედამ ბავშვების რამდენიმე თვის პენსია ერთიანად გამოიტანა და მეგობარ მამაკაცთან ერთად გაიქცა. ამრიგად, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებმა ერთადერთი შემოსავლის წყაროც დაკარგეს. უფრო მეტიც, დედა არც საკუთარი შვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩენილა.
როგორც ჩაგუნავა ამბობს, მისმა მეუღლემ ამბავი მხოლოდ ტელეფონის საშუალებით მოიკითხა და კვლავ გაუჩინარდა.
“აი, ასე ვწვალობთ. ბავშვებს მხოლოდ მე ვზრდი. ჩემმა ცოლმა დატოვა სამივე პატარა, საყვარლის გამო. მინდა, თქვენი გაზეთის მეშვეობით, მთელმა საქართველომ გაიგოს, რომ არსებობს ქალი, რომელმაც სამი ავადმყოფი ბავშვი დატოვა და სახლიდან გაიქცა. ამ ბავშვების მდგომარეობით არცერთხელ არ დაინტერესებულა. მე ჩემს თავმოყვარეობასაც კი გადავაბიჯე და ბავშვების გამო, არაერთხელ ვთხოვე დაბრუნება, რადგან ხედავთ, როგორ მდგომარეობაში არიან, მათი გარეთ გაყვანაც კი სერიოზულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, ის სანახავადაც კი არ მოსულა ბავშვებთან, საკუთარ შვილებთან, რომლებსაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვთ. მე ცოლი სულ არ მაინტერესებს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დაბრუნებას ვთხოვდი, ჩემი შვილები იყვნენ. სახლში ვინმე ყურადღების მიმქცევი რომ ეყოლებოდათ, მე სადმე ვიმუშავებდი და რაღაც ელემენტარულს შემოვიტანდი სახლში. მხოლოდ ამის გამო ვთხოვდი დაბრუნებას, მაგრამ მას საკუთარი შვილები არ ანაღვლებს. ამჟამად არსად ვმუშაობ. ახლობლებისა და ნაცნობების იმედად ვართ, მაგრამ მთელი ცხოვრება სხვას ხომ ვერ დაავალდებულებ?! მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომელიც მცირედით მაინც დაგვეხმარა”, – აღნიშნა ბორის ჩაგუნავამ “პრაიმტაიმთან” საუბრისას.
მისივე თქმით, მისი მეუღლე ბავშვის გარდაცვალების შემდეგაც არ გამოჩენილა.
“არც მაშინ მოსულა. ერთხელ დარეკა ამბის გასარკვევად – აინტერესებდა მართალი იყო თუ არა ეს ამბავი. არც კი დაინტერესებულა, როდის და სად არის დაკრძალვა. კაი, ცოცხალი ბავშვები თუ არ გაინტერესებს, გარდაცვლილი მაინც არ უნდა იტირო-მეთქი, – მივწერე, მაგრამ სრული იგნორი. პასუხიც არ გამცა. ბავშვის საფლავიც კი არ იცის, სად არის. თითქმის სამი თვე გავიდა, რაც სახლიდან გაიქცა და ერთხელ არ მოუკითხავს შვილები. უფრო მეტიც, წასვლამდე, წინასწარ გამოიტანა ბავშვების რამდენიმე თვის პენსია, რომელიც ჩვენი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. ეს გახლდათ ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თანხა. ლუკას დაკრძალვიდან მეოთხე დღეს, ზღვაზე “ზაგარს” იღებდა და სოციალურ ქსელში “სელფებს” აქვეყნებდა. ეს ტრაგედიაც მის სინდისზეა. ის რომ არ გაქცეულიყო ასე უნამუსოდ, დღეს შეიძლება, ჩემი შვილი ცოცხალი ყოფილიყო” , – აღნიშნა მარტოხელა მამამ და დასძინა, რომ ბავშვების თავშესაფარში გაგზავნას არ დაუშვებს.
“არის სპეციალიზებული სკოლა-ინტერნატი მსგავსი პრობლემის მქონე ბავშვებისთვის და ვაპირებ, ლერი სექტემბრიდან იქ შევიყვანო, დილიდან საღამომდე იქ იქნება და მერე სახლში წამოვიყვან. როგორც ასეთი, რომ ბავშვები მთლიანად თავშესაფარში ჩავაბარო და სახლიდან გავუშვა, ამას ერთი წუთითაც კი არ ვუშვებ. ჩემს შვილებს, ავად თუ კარგად, მე თვითონ მივხედავ”, – განაცხადა ბორის ჩაგუნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები