ისრაელი ქვეყანაში მყოფ არალეგალ ქართველებს სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელში არალეგალურად იმყოფებიან, ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური შესაძლებლობას აძლევს “ღირსეულად და ნებაყოფლობით დაბრუნდნენ სამშობლოში”.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური და ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელიც ისრაელში საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
“საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ისრაელში იმყოფებიან არალეგალურად ან მოითხოვეს თავშესაფარი და სურთ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნება, ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური საქართველოს საელჩოსთან ერთად, ასეთ მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, ღირსეულად და ნებაყოფლობით დაბრუნდნენ სამშობლოში, რაშიც მათ გაეწევათ შესაბამისი დახმარება.
საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველმა მოქალაქეებმა, ა.წ. 24 ივლისიდან 30 ოქტომბრამდე, განცხადებით უნდა მიმართონ ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურს შემდეგ მისამართზე: მიცვა კადეშის ქუჩა 64, ბნეი ბრაკი, მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურის ნებაყოფლობითი დაბრუნების დეპარტამენტი, ან ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ტელ: 036093206, ელექტრონული ფოსტა: israel.cons@mfa.gov.ge
იმ მოქალაქეებს, ვინც აღნიშნული ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, ნებაყოფლობით დაბრუნდება საქართველოში:
– ისრაელის სახელმწიფოში შემოსვლაზე შეზღუდვა დაუწესდებათ მხოლოდ ერთი წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგ, მათ შეეძლებათ, კვლავ ეწვიონ ისრაელს როგორც ტურისტებს, შესაბამისი ვიზით ან “შრომითი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების” ფარგლებში მიღებული სპეციალური სამუშაო ვიზით, მას შემდეგ რაც მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას და ხელს მოაწერენ აღნიშნულ ხელშეკრულებას;
– საქართველოში გასამგზავრებელ ავიაბილეთებს აუნაზღაურებს ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური;
– მიეცემათ შესაძლებლობა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ჩაერთონ რეინტეგრაციის პროგრამებში.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს, ტელ: 036093206
ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად შეუწყოთ ხელი ზემოხსენებული ინფორმაციის გავრცელებას დაინტერესებული საქართველოს მოქალაქეებისათვის”,- აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები