ისრაელის 18 წლის მოქალაქე საქართველოში სელფის გადაღებისას დაიღუპა – იონათან ადლერი მდინარეში ჩავარდა

მაშველებმა მდინარე თერგში ისრაელის 18 წლის მოქალაქე იპოვეს. „კვირას“ ინფორმაციით, საქართველოში სამოგზაუროდ მყოფი იონათან ადლერი ხიდზე სელფს იღებდა, მას ფეხი დაუცურდა და მდინარე თერგში ჩავარდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, ისრაელის მოქალაქის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 20 ივლისს მიიღეს.
მათივე ინფორმაციით, ისრაელის მოქალაქის ძებნის ოპერაცია შეტყობინებისთანავე დაიწყეს, თუმცა იმ დღეს 18 წლის ახალგაზრდის ძებნის ოპერაცია უშედეგოდ დასრულდა. სააგენტოს ინფორმაციით, მეორე დღეს, იონათან ადლერის ძებნას 30-მდე მაშველი ახორციელებდა, რის შედეგადაც, შემთხვევის ადგილიდან 3 კმ-ის მოშორებით ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. ისრაელის პრესის ცნობით, იონათან ადლერი საქართველოში სამ მეგობართან ერთად სამოგზაუროდ იმყოფებოდა.
ავიად ფრიდმენი, რომელიც სამაშველო ჯგუფს დაღუპული ახალგაზრდის ოჯახის მოწვევით ხელმძღვანელობდა, მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ 18 წლის ადლერის ცხედრის პოვნაში დიდი წვლილი მიუძღვით ისრაელს და საქართველოს მთავრობას, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. მისი თქმით, ადლერის მშობლები მადლობას უხდიან თითოეულ ადამიანის, ვინც მათ ოჯახს დაეხმარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები