თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

თურქეთში, ბოდრუმისა და მარმარისის ტერიტორიაზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად, ამ დროისათვის, საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. თურქეთში საქართველოს საელჩოს მრჩევლის, გელა ჯაფარიძის განცხადებით, მსუბუქი დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებებს 70-მდე ადამიანმა მიმართა, თუმცა მათ შორის ქართველები არ არიან.
„ამ ეტაპზე, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ცხელ ხაზზე დარეკეს ჩვენმა მოქალაქეებმა და გვითხრეს, რომ მათ არანაირი დაზიანება არ აღენიშნებათ მიწისძვრის შემდეგ, თუმცა შიშის გამო, დატოვეს სასტუმროს შენობები და საცხოვრებელი სახლები“, – აცხადებს ჯაფარიძე.
ცნობისათვის, ეგეოსის ზღვაში ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. ზიანი მიადგა თურქეთში ბოდრუმისა და მარმარისის ტურისტულ ზონებს. საბერძნეთის კუნძულ კოსზე კი მიწისძვრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 100-მდე მოქალაქე. მიწისძვრის სიმძლავრემ 6,7 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიამ ცუნამი და ნგრევა გამოიწვია. შემთხვევის ადგილებზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები. წინასწარი ვარაუდით, მსხვერპლისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზრდება.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, კუნძულიდან 16 კილომეტრში მდებარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები