პრეზიდენტი: როდესაც 7 ქალაქს ერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ქვეყანაში

“თვითმმართველობა არის ის ერთადერთი, რეალური, ეფექტური დემოკრატიული მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მთავრობის, ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტურ სამსახურს მთავარი შემკვეთის – ამომრჩევლის მიმართ”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც 7 ქალაქს ერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ქვეყანაში.
„პირველი საკითხი ეხება თვითმმართველობის კანონს, რომლითაც 7 თვითმმართველ ქალაქს – თელავს, ზუგდიდს, ოზურგეთს, გორს, ახალციხეს, მცხეთას და ამბროლაურს ჩამოერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. ეს უაღრესად დასანანია, რადგან ამ ქალაქებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა 2014 წელს „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული რეფორმის ფარგლებში, რომელიც დასაწყის ეტაპზე ,ითვალისწინებდა ამ 7 ქალაქისთვის მინიჭებას ამ სტატუსისა და ეს პროცესი შემდგომ უფრო უნდა გაღრმავებულიყო. ეს პროცესი თავის დროზე, შეფასდა უაღრესად დადებითად, როგორც ქართული საზოგადოების, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ამ პროცესის უკან შეტრიალება არის აბსოლუტურად არამოტივირებული და მიუღებელი. როდესაც 7 ქალაქს ერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ქვეყანაში. არადა, თვითმმართველობა არის ის ერთადერთი, რეალური, ეფექტური დემოკრატიული მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მთავრობის, ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტურ სამსახურს, მთავარი შემკვეთის – ამომრჩევლის მიმართ და ამაზე ეფექტური მექანიზმი, სახელმწიფო როგორ უნდა ემსახუროს თავის საზოგადოებას, არ არსებობს და ეს პროცესი პირიქით, უნდა გაღრმავებულიყო“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს დღეს გამართულ ბრიფინგზე ვეტო დაადო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები