ნათია გედენიძე: დარწმუნებული ვიყავი, რომ პროკურატურა იქნებოდა მართალი და მტკიცებულებებით გამყარებული

ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია. შესაბამისი კომენტარი მან ჟურნალისტებთან გააკეთა.
“გამოძიება დიდი ხანი მუშაობდა. გარკვეული მტკიცებულებები იქნა მოპოვებული და დარწმუნებული ვიყავი, რომ პროკურატურა იქნებოდა მართალი და მტკიცებულებებით გამყარებული, როცა დევნოზაშვილს ბრალი წაუყენა. დარწმუნებული ვარ, თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება სარწმუნო სააპელაციო სასამართლოსთვის, რათა ჩვენ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამამართლებლით შეიცვალოს”, – განაცხადა ნათია გედენიძემ.
ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებული, კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, მას სასჯელის სახით, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მოსამართლემ გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებები და დაადგინა, რომ დევნოზაშვილი, ჯაშუშობის ბრალის აღიარების მიზნით, ფოტორეპორტიორებზე ზეწოლას ახორციელებდა.
ამასთან, ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე, გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე 2016 წელს გახსნა. უწყების განცხადებით, ფოტოგრაფები – გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე და ირაკლი გედენიძე ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს და მათ ხელისუფლება 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო გაუსწორდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები