საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა – რას აცხადებს პაატა იმნაძე

საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა. ვირუსი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიზში ახალგაზრდა მამაკაცს აღმოაჩნდა, მას ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვს და ამ დროისთვის თითქმის გამოჯანმრთელდა.
როგორც „კვირას“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განუცხადა, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ვითარების ენტემოლოგიური შესწავლა.
„ამ ეტაპზე, მიმდინარეობს რისკების შესწავლა, ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ არის თუ არა აღნიშნული ტერიტორიაზე დენგეს ვირუსის გადამტანი კოღო, ეს არის სტანდარტული პრაქტიკა“, – განუცხადა „კვირას“ პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული ვირუსის გადამტანი კოღო რამდენიმე წლის წინ პირველად იქნა აღმოჩენილი დასავლეთ საქართველოში. როგორც იმნაძემ აღნიშნა, მას შემდეგ შავი ზღვისპირა ზოლში ტარდება ფართომასშტაბიანი დამუშავება, კოღოს საწინააღმდეგო ღონისძიებები. დენგეს ვირუსის გადამტანები ძირითადად Aedes aegypti-ს ტიპის კოღოები არიან. ვირუსი ტროპიკებში ფართოდ არის გავრცელებული.
დენგე ინფექციური ტრანსმისიური დაავადებაა, რომელიც ორი კლინიკური ფორმით მიმდინარეობს: დენგეს კლასიკური ცხელება და დენგეს ჰემორაგიული ცხელება. დაავადების გამომწვევია რნმ შემცველი არბოვირუსი, რომლის გადამტანიც კოღოებია. ინფექციის წყაროს კი წარმოადგენს ავადმყოფი ადამიანი, ასევე მაიმუნები და ღამურები. დენგეს ცხელებით ეპიდემიურ კერებში უპირატესად ავადობენ ბავშვები და ჩასული არაიმუნური პირები. დაავადებას ახასიათებს სეზონურობა, განსაკუთრებით კი დაკავშირებულია წვიმიან პერიოდთან. დენგეს კლასიკური ფორმა რეგისტრირდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონებში.

დენგეს ინკუბაციური პერიოდი ჩვეულებრივ 5-7 დღეა, კლასიკური ფორმის დროს 15 დღემდე მერყეობს, ჰემორაგიულის დროს 10-მდე. იწყება მწვავედ შემცივნებით და სხეულის ტემპერატურის მომატებით 39 0 C- 41 0 C – მდე, ძლიერი თავის ტკივილებით, რეტროორბიტალური მიდამოს, კუნთებისა და სახსრების ტკივილებით. სახე ჰიპერემიული, შეშუპებულია, შესაძლებელია ზოგადი ერითემის განვითარება, თვალის სკლერების სისხლძარღვები ინიცირებულია, დენგეს დროს ასევე აღინიშნება პერიფერიული ლიმური ჯირკვლების გადიდება და მტკივნეულობა. სხეულის ტემპერატურა 3-4 დღის განმავლობაში რჩება მომატებული, 1-2 დღიანი რემისიისშემდეგ კი ვითარდება ცხელების ახალი ტალღა, რომელიც გრძელდება 2-3 დღე. კლასიკური დენგეს ცხელების დროს კუნთებში, ზურგსა და თეძოების მიდამოში ტკივილების გამო შეზღუდულია მოძრაობა, სიარულის მანერა ხდება არაბუნებრივი, ავადმყოფი საწოლში გაჭიმულ მდგომარეობაშია. მეორე ტალღის პერიოდში იდაყვისა და მუხლის სახსრების გამშლელ ზედაპირებზე, სახის კანზე, კისრის მიდამოში, მკერდზე, მუცელზე ჩნდება უხვი მქავანა მაკულო – პაპულოზური გამონაყარი შემდგომი აქერცვლით. რეკონვალესცენციის პერიოდი გრძელდება რამდენიმე კვირა.დენგეს ჰემორაგიული ცხელების დროს ხშირად აღინიშნება ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება სისხლნარევი მასებით, ცხვირიდან სისხლდენა, ჰემორაგიული გამონაყარი, ქვეითდება არტერიული წნევა.
დენგე შეიძლება გართულდეს ენცეფალიტით, პოლინევრიტით, ფსიქოზით,პნევმონიით, ოტიტით, თრომბოფლებიტით, ორქიტითა და პაროტიტით. დენგესგადატანის შემდეგ რჩება არამყარი ტიპოსპეციფიური იმუნიტეტი რამდენიმე წლის განმავლობაში.
დიაგნოზის დასმა ხდება კლინიკური სიმპტომების საფუძველზე და ეპიდემიოლოგიურანამნეზურ მონაცემებზე დაყრდნობით, საბოლოოდ კი დასტურდება შრატში სპეციფიური ანტისხეულების ტიტრის მომატებით და ნეიტრალიზაციის რეაქციით.
დენგეს სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს, მძიმე შემთხვევებში, განსაკუთრებითდენგეს ჰემორაგიული ცხელების დროს, ტარდება ინფუზური თერაპია, ინიშნება კორტიკოსტეროიდები, ნაჩვენებია ტკივილგამაყუჩებელი, ანტიჰისტამინური, სედატიური საშუალებები, ვიტამინოთერაპია, რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება და ცილებით მდიდარი დიეტა.
დენგეს კლასიკური ფორმის დროს შემთხვევათა უმეტესობაში, პროგნოზი კეთილსაიმედოა, ჰემორაგიული ცხელებისაგან განსხვავებით, რომლის დროსაც პაციენტთა დაახლოებით 40%-ში მე-3-7 დღეს ვითარდება შოკი.
დენგეს პროფილაქტიკა მოიცავს ვირუსის გადამტანი კოღოების განადგურებას, რეპელენტებისა და დამცავი ბადეების გამოყენებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები