პეტრო პოროშენკო: მივიღე 200 ქართველი სამხედროს განცხადება, მათ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ბრძოლა სურდათ

„მივიღე 200 ქართველი სამხედროს განცხადება, რომლებსაც უნდოდათ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ებრძოლათ, ასეთივე განწყობა იყო უკრაინაში საქართველოს მიმართ 2008 წელს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ბათუმში მიმდინარე საინვესტიციო ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
უკრაინის პრეზიდენტი ბიზნეს-ფორუმის მონაწილეებს ქართულად მიესალმა.
“პატივცემულო ბატონო გიორგი, ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო მეგობრებო. მე უკვე ვიყავი სვანეთში, სხვა კუთხეებში, სადაც არ უნდა იკითხო, ყველამ იცის უკრაინის პრობლემების შესახებ, ასევეა უკრაინაშიც, საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ ვართ მებრძოლი და მშენებელი ქვეყნები, გვაერთიანებს საერთო პრობლემები და სწორედ ერთობლივი ძალებით უნდა მოვახერხოთ მათი გადაჭრა, ისევე წარმატებით, როგორც აქამდე ვახერხებდით. აქ ჩამოსვლამდე მე ვიყავი საოკუპაციო ხაზთან. რა თქმა უნდა ემოციურად ძალიან დატვირთული, მე ვიტყოდი, რომ ეს არის არა საოკუპაციო ხაზი, არამედ ერთგვარი გამყოფი, რომელიც ნიშნავს, მშვიდობით საბჭოთა კავშირო, მშვიდობით რუსეთის იმპერიავ. ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ. მე მივიღე 200 ქართველი სამხედრო ოფიცრის განცხადება, რომელშიც ითხოვდნენ უკრაინის მოქალაქეობას, რათა ებრძოლათ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, ასეთივე განწყობა იყო უკრაინის მხრიდან საქართველოს მიმართ 2008 წელს“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
პეტრო პოროშენკომ ორი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ასოცირებისა და უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ეკონომიკურ ასპექტში.
ბათუმში მიმდინარე საინვესტიციო ბიზნესფორუმში საქართველოსა და უკრანის 135 კომპანიის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. ფორუმის მონაწილეებს საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა მიმართეს.
ორი ქვეყნის პრეზიდენტმა საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ხაზი გაესვა ორი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის მნიშვნელობას და ასევე იმ გამოწვევებს, რომლებიც ქვეყნების წინაშეა. ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერა აჭარასა და ოდესის ოლქს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები