გიორგი კვირიკაშვილი: “ენგურჰესის“ ტურისტული ცენტრი საქართველოს სავიზიტო ბარათად იქცევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ატრაქციის პროექტის კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ პროექტის, ანალოგი მსოფლიოში მხოლოდ ერთი არსებობს – აშშ-ში ჰუვერის ჰიდროელექტროსადგური.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, “ენგურჰესი” ტურისტული ცენტრი მსოფლიო დონის ატრაქცია გახდება და იგი საქართველოს სავიზიტო ბარათად იქცევა.
„ჩვენ ვიწყებთ მნიშვნელოვან პროექტს, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არსებობს მხოლოდ ერთი – აშშ-ში ჰუვერის ჰიდროელექტროსადგური, სადაც არსებობს მნიშვნელოვანი ტურისტული პროექტი. ძალიან მასშტაბური ტურისტული ზონა, „ენგურჰესის“ ტურისტული ცენტრი, რომელიც მსოფლიო დონის ატრაქცია გახდება. დარწმუნებული ვარ, უნიკალურობიდან გამომდინარე, ტურისტული ცენტრი იქცევა საქართველოს სავიზიტო ბარათად. დღევანდელი მსოფლიო უდიდეს ყურადღებას უთმობს ინდუსტრიული ძეგლების დაცვას. ამ პროექტის ხორცშესხმით გვეძლევა საშუალება შევინახოთ ჩვენი ინდუსტრიული მემკვიდრეობა. ჩვენ დღეს გვაქვს განსაკუთრებული უნიკალური ენგურჰესის შენობა, რომლის თაღოვანი კაშხალი სიდიდით მეორეა მსოფლიოში. დღეს წარმოგინდგეთ პროექტის კონცეფციას, რომელიც სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მუშაობის შედეგია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ტურისტული ინფრასტრუქტურა 157 ჰექტარზე იქნება გაშლილი, მოეწყობა საბაგირო გზა, ღია საკონფერენციო სივრცეები, იქნება სანაოსნო ინფრასტრუქტურა, 280 მეტრიანი ლიფტი.
„გვაქვს სტრატეგია, რომელიც გამოცდილ სპეციალისტებთან შემუშავდა. გამოცხადებულია ტენდერი, რომლისთვისაც სახელმწიფომ 2 მილიონი ლარი გამოყო. საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 50 მილიონი ლარი იქნება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ტურისტული ცენტრის მშენებლობა 5 წელს მოიცავს.
„მშენელობა მოიცავს 5 წელს და საბოლოოდ გვექნება დასრულებული უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურა, რომელიც იქნება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მნიშვნელოვანი ნიმუში. ახალი ტურისტული ზონა რეგიონული მნიშვნელობის ტურისტულ ცენტრად იქცევა და მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ეს ტურისტული ზონა შემოსავლიანი იქნება და წელიწადში 400 ათასამდე ტურისტს მიიღებს. ზონის მოწყობის პროცესში იქნება დასაქმებული 200-მდე ადამიანი და პრიორიტეტი ადგილობრივ მოსახლეობას მიენიჭება და სამუშაოს დასრულების შემდეგ კიდევ 100-მდე ადამიანი დასაქმდება“,- აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები