დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის საბაჟო პროცედურები და ინფორმაციის გაცვლა მნიშვნელოვანია

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციათა უმაღლესი დონის პირველი სამმხრივი შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, რომ საბაჟო პროცედურები საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის იმგვარად უნდა ჩამოყალიბდეს, რომ საჭირო პროცედურების გავლას ნაკლები დრო დასჭირდეს.
„მნიშვნელოვანია, საბაჟო პროცედურები და ინფორმაციის გაცვლა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ საზღვრის გადაკვეთისას, რაც შეიძლება ნაკლები დრო დაიხარჯოს მგზავრებისა და ტვირთის მომსახურებისას”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ამგვარი ფორმატის ჩამოყალიბება, მნიშვნელოვანია იმ სტრატეგიული პროექტებიდან გამომდინარე, რომელსაც საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივად ახორციელებენ.
„აზერბაიჯანი დღეს ყველაზე დიდი ინვესტორია საქართველოში. მხოლოდ შარშან, აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში 500 მლნ-ზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა. ტვირთბრუნვა თითქმის 700 მლნ დოლარს აღწევს. თურქეთთან ეს მონაცემი მილიარდ ნახევარ დოლარზე მეტია. მგზავრთნაკადი ორივე ქვეყნიდან მილიონ 400 ათასზე მეტს აღწევს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს ვაჭრობას, მგზავრთნაკადის ზრდას და საბოლოო ჯამში, თანამედროვე საბაჟო პროცედურების დანერგვას ჩვენს ქვეყნებს შორის”, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
მისივე თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია მთლიანად სატრანსპორტო დერეფნის განვითარება. იგულისხმება, როგორც „აბრეშუმის გზის”, ისე „ტრასეკას” დერეფანი.
„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა შევიდეს მწყობრში. შესაბამისად, ამ კონკრეტული მიმართულებითაც მუშაობენ სამივე ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციები და რკინიგზის წარმომადგენლები, რათა ეს დერეფანი კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი იყოს”,- აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ბაქოში გამართულ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციათა უმაღლესი დონის პირველ სამმხრივ შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვახტანგ ლაშქარაძემ და სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები