„დასანანია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან “ამბასადორიალის” პოლიტიზება ხდება“

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, თენგიზ ფხალაძის შეფასებას, რომ ირაკლი კობახიძემ „ელჩებს პარტიული დავალებები“ მისცა, უსაფუძვლოს უწოდებს.
მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს არის სრულიად დეპოლიტიზებული.
ჯანელიძის შეფასებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ამბასადორიალის პოლიტიზება ხდება.
“ეს არის სრულიად უსაფუძვლო განცხადება და ძალიან დასანანია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ხდება სწორედ ამ საკითხის და, ზოგადად, “ამბასადორიალის” პოლიტიზება. მე კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ “ამბასადორიალის” ფარგლებში არსებობს შესაძლებლობა ყველა აზრის გამოხატვის და მოსმენის. ჩვენ ვისაუბრეთ სამოქალაქო საზოგადოების მოხსენებებზე, მათი პოზიციების გაცნობაზე და ა.შ. ამიტომ ეს განცხადება არის სრულიად უსაფუძვლო და ემსახურება სწორედ ამ პროცესის პოლიტიზებას. მინდა მოვუწოდო დანარჩენ პირებს, რომლებიც ასევე გამოეხმაურნენ ამ უსაფუძვლო განცხადებას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს არის სრულიად დეპოლიტიზებული. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასრულებს თავის მოვალეობას მსოფლიოს მასშტაბით და დღეს ჩვენ გვქონდა დიდი პატივი, გვემასპინძლა პარლამენტის თავმჯდომარისთვის, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ გააცნო ინფორმაცია ჩვენს დიპლომატებს, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა და ეს ინფორმაცია მოსმენილი პირველწყაროდან, კომისიის თავმჯდომარისგან იყო უმნიშვნელოვანესი ჩვენი დიპლომატებისთვის”, – განაცხადა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები