თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება

20 ივლისს, 12:00 საათზე, ქალაქ თბილისის მერიაში (მე-20 სართული)  თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პირველი პრესკონფერენცია – პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებას გაუძღვებიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია და ფესტივალის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, შემოდგომაზე თბილისი მე-9 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს.
18 სექტემბერიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ფესტივალი წარადგენს: საერთაშორისო პროგრამას, პროგრამას New, ქართული სპექტაკლების პროგრამას (2-6 ოქტომბერი), ფესტივალის კლუბის პროგრამას. ასევე, საერთაშორისო გამოფენებს, კონფერენციებს, სპეციალურ სტუმრებს, ვორქშოფებს და სემინარებს. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის, ირლანდის, იტალიის, რუსეთის, პოლონეთის, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის თეატრალური დასები.
„მაყურებელს საშუალება ექნება, ნახოს სახელგანთქმული კშიშტოფ ვარლიკოვსკის შედევრი „ფრანგები“ და „დედ ცენტრის“ „ჩეხოვის ბოლო პიესა“, ლევან წულაძის და დავით დოიაშვილის იტალიასა და რუმინეთში დადგმული სპექტაკლები; ბერლინის ოქროს ეპოქის მუსიკის პერფორმანსი და წარსულისაკენ გასროლილი კითხვები – მომავლის განსზაღვრისათვის – შტოლპეშტაინე.
ასევე ტრადიციულად, თეატრის შენობის გარეთ – წელს ღია ცის ქვეშ – მაყურებელი როკბენდისა და საჰაერო შოუს სინთეზს „მუარეს“ იხილავს (კომპანია „დუშამ პილოტი“, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი), ამწეზე დაკიდებული პერფორმერები ჰაერში სკულპტურულ კომპოზიციებს, სხვადასხვა ფიგურებს გამოსახავენ, ამ ყველაფერს კი ფონად „დიუშამ პილოტის“ ორიგინალური მუსიკა ახლავს.
2-6 ოქტომბერს გაიმართება ფესტივალის უმნიშვნელოვანესი ნაწილი – ქართული სპექტაკლების პროგრამა Georgian ShowCase! ქართული სპექტაკლების პროგრამა გასული სეზონის (2016-2017) შეჯამებაა. შოუქეისის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან ქართული თანამედროვე თეატრის გაცნობის, პროექტების ინიცირებისა და გაცვლითი პროექტების მიზნით. წელს ქართული სპექტაკლების პროგრამას 90-მდე საერთაშორისო სტუმარი ეყოლება“, – აღნიშნავენ კულტურის სამინისტროში.
წელს ფესტივალის კლუბი, განსაკუთრებული და მრავალფეროვანი პროგრამით უმასპინძლებს ფესტივალის მონაწილეებსა და მაყურებელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები