ლევან იზორიამ “ამბასადორიალზე” სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლევან იზორია დიპლომატებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე წარდგა მოხსენებით – „თავდაცვის რეფორმა და საქართველოს თავდაცვის სისტემის ნატოსთან თავსებადობა“. სიტყვით გამოსვლისას, ლევან იზორიამ ყურადღება თავდაცვის უწყების საგარეო პრიორიტეტებზე გაამახვილა. მან მოხსენებაში ორი ასპექტი გამოყო: თავდაცვისუნარიანობის, სამხედრო მზადყოფნის გაძლიერება და ქვეყნის მდგრადობის უზრუნველყოფა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ნატოს ბუქარესტის, უელსისა და ვარშავის სამიტებზე საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. ამ კონტექსტში, თავდაცვის მინისტრმა ყურადღება ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილა. უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო ერთგული რჩება ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების და განაგრძობს საერთაშორისო მისიებში სამშვიდობო კონტრიბუციას.
თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლაში აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს განსაკუთრებული ადგილი დაუთმო და თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისა (GDRP) და საბრძოლო მზადყოფნის სასწავლო ცენტრის შესახებ ისაუბრა. მინისტრმა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, შეკავების პოლიტიკაზე, თავდაცვის ბიუჯეტის სწორ გადანაწილებაზე, სამეზობლო პოლიტიკასა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე ისაუბრა. მან დიპლომატებს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმებიც გააცნო.
ლევან იზორიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დასავლურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დიპლომატების კითხვები რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს შეეხო.
პანელზე – „ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, თავდაცვის მინისტრთან ერთად, გამომსვლელებს შორის იყვნენ : ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ასევე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა.
აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების წარმომადგენელთა მოხსენებების მთავარი თემა ალიანსთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის დინამიკა, ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ სტრატეგიული კომუნიკაცია და ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია იყო. პანელის მიმდინარეობას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ასევე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება – „ამბასადორიალი 2017 – შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში“ ოფიციალურად 18 ივლისს გაიხსნა და 21 ივლისს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები