ლევან დავითაშვილი: გვინდა, რომ საკანონმდებლო საფუძველი იყოს იმგვარი, რომ ქართული მიწა იყოს საიმედო ხელში

მიწების გასხვისების შეჩერებასთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანას, რელიეფის გათვალისწინებით, სახნავი მიწა 600 000 ჰექტარზე ოდნავ მეტი აქვს.„საქსტატის“ აღწერით კი – 643 000 დარეგისტრირებული მეურნეობა გააჩნია, რაც შეზღუდულ რესურსებზე მიანიშნებს. მისივე თქმით, შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ქართული მიწა იყოს საიმედო ხელში.
„ვიცით, რომ საქართველო არის მცირემიწიანი ქვეყანა. სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსები არის მნიშვნელოვნად შეზღუდული. რელიეფის გათვალისწინებით, სახნავი მიწა 600 000 ჰექტარზე ოდნავ მეტი გვაქვს, ხოლო „საქსტატის” აღწერით, 643 000 დარეგისტრირებული მეურნეობა გვაქვს ანუ რესურსები შეზღუდულია. შესაბამისად, ამ რესურსების მართვა უნდა იყოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით. ეს ესმის, როგორც საქართველოს მთავრობას, ისე საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მიწის გასხვისების შეჩერების შესახებ. შემდგომში, ჩვენ გვინდა, რომ საკანონმდებლო საფუძველი იყოს იმგვარი, რომ ქართული მიწა იყოს საიმედო ხელში. ამიტომ, მოხდება საკონსტიტუციო ჩანაწერით ასეთი გადაწყვეტილების გამყარება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
რაც შეეხება მიწების გასხვისების შეჩერების საკითხზე საინვესტიციო საბჭოს კრიტიკულ პოზიციას, როგორც ლევან დავითაშვილმა განმარტა, მას შემდეგ, რაც მათ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია, გაგებით მოეკიდნენ მთავრობის გადაწყვეტილებას.
„საინვესტიციო საბჭოს წევრების აბსოლუტური უმრავლესობა გაგებით მოეკიდა მთავრობის გადაწყვეტილებას, როცა მათ მიიღეს მეტი ინფორმაცია ჩვენი მხრიდან. იყო ტექნიკური კითხვები. ვფიქრობ, შევჯერდებით და არ იქნება პრობლემები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები