“საოკუპაციო რეჟიმის შეზღუდვები აზარალებს არა მხოლოდ ქართველებს, არამედ აფხაზებს და ოსებს”

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ქართველ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საოკუპაციო რეჟიმის შეზღუდვები აზარალებს არა მხოლოდ ქართველებს, არამედ აფხაზებსა და ოსებსაც.
როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, ქართული მხარის პოლიტიკა დინამიურია.
“ვგულისხმობ ბარიერების აღმართვას, უკანონო დაკავებებს და სხვადასხვა დარღვევებს, რომელიც ადამიანების მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს ადგილზე. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელებთან ამ თემებზე საუბარი. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს წარმოადგენენ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, სწორედ იმ ქვეყნებში, რომელთა მხარდაჭერა ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვისაუბრებთ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის რვა ძირითად ამოცანაზე, რომელიც ქმნის ჩარჩოს იმ კონკრეტული ნაბიჯებისა და საქმიანობისთვის, რასაც ახორციელებს საქართველოს მთავრობა. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა უკვე დგამს ან მომავალში აპირებს გადადგას ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ჰუმანიტარული გამოსავლების მოძებნაზე, სხვადასხვა სერვისის შეთავაზებაზე ორივე რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ მავთულხლართები, საოკუპაციო რეჟიმის შეზღუდვები აზარალებს არა მხოლოდ ქართველებს, არამედ აფხაზებს და ოსებს და მავთულხლართებით დაშორიშორებული საზოგადოება ორივე მხარეს იმყოფება ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ჩვენი პოლიტიკა გახლავთ დინამიური. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და გავაორმაგოთ ძალისხმევა, რომ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა კვლავ იყოს ძალიან სოლიდური, გაცილებით მეტი რესურსი იყოს მობილიზებული, მაგალითად, ნდობის მშენებლობის და ხალხთა შორის კონტაქტების წახალისებისთვის იმ პირობებში, როდესაც იკეტება გადასასვლელები, მაღლდება ბარიკადები, ჩვენ ვაპირებთ, რომ ორმაგად, უფრო დინამიურად ვცადოთ ხალხების დაკავშირება”,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები